ქალმა პოლიტიკოსებმა პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მოთხოვნით სახალხო დამცველსა და მის მოადგილეებს მიმართეს

ქალმა პოლიტიკოსებმა პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მოთხოვნით სახალხო დამცველსა და მის მოადგილეებს მიმართეს.

პოლიტიკოსებმა სახალხო დამცველის აპარატის ოფისში ოფიციალური განცხადება შეიტანეს.

მათი განცხადებით, ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აუცილებელია, სახალხო დამცველმა მონიტორინგი განახორციელოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

„მივმართავთ სახალხო დამცველს, ბატონ ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ, პირადად, მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი და უშუალოდ პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ, საზოგადოებას აცნობოს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მათ მიმართ სავარაუდო, არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება. გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ანასტასია ზინოვკინასთვის და ნანა სანდერისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ხაზს ვუსვამთ, რომ პირადად, სახალხო დამცველისგან, უკიდურეს შემთხვევაში კი მისი მოადგილეების: თამარ გვარამაძის, ელენე ღუდუშაურის და ირინე ჩიხლაძის მხრიდან ველით მოახდინონ აღნიშნული გარემოებების მონიტორინგი,“ - განაცხადა “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრმა, დეა მეტრეველმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მარიკა არევაძემ კი აღნიშნა, რომ ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსს გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდებათ.

„ნანა სანდერს და ანასტასია ზინოვკინას აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში კი მათ კლინიკაში გადაყვანას, რაც ციხის პირობებში არის შეუძლებელი და არ ხორციელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველი, მისი მანდატის ფარგლებში, ჩაერთოს და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ ადამიანების როგორც ნახვა, ასევე ქმედით ნაბიჯების გადადგმა. არ შეიძლება ადამიანი დაექვემდებაროს წამებას, მათ შორის, საპატიმრო დაწესებულებაში“, - განაცხადა არევაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში