მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ შეეშვან ჩემი არასრულწლოვანი დაცვის ქვეშ მყოფი პირის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგს და ლანძღვას - საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი, არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს, რითაც დადასტურდება წარდგენილი ბრალი, - ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატმა გიორგი გამხიტაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალი არის აბსურდი, ამასთან ის, პროკურატურას და დაზარალებულ მხარეს საქმის მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ შეეშვან ჩემი არასრულწლოვანი დაცვის ქვეშ მყოფი პირის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგს და ლანძღვას. საზოგადოებამ არ იცის სისხლის სამართლის საქმე, არ იცის საქმის დეტალები, შესაბამისად, ვერ გააკეთებს სწორ სამართლებრივ შეფასებას. მეტსაც გეტყვით, ვინც იცის ეს სისხლის სამართლის საქმე მიზანმიმართულად არ აკეთებს სწორ სამართლებრივ შეფასებებს, შესაბამისად, თითოეულს მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ლანძღვისა და ბულინგისგან.
საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი, არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს, რითაც დადასტურდება წარდგენილი ბრალი [დემეტრე ჩიქოვანთან მიმართებით]. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სრული აბსურდი. დეტალებთან დაკავშირებით ვერ გაგესაუბრებით, მაგრამ ერთი რაღაც გაითვალისწინეთ, საზოგადოების მიმართ დაზარალებულების მხრიდან ხომ არის მოწოდებები, რომ გვერდში დაუდგნენ და დ
.ჩ. უნდა გასამართლდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, რატომ არ აჩვენებენ საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რატომ მალავს პროკურატურა, რატომ მალავს დაზარალებული? გამოიტანონ სააშკარაოზე, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. გამოიტანონ და დადონ მტკიცებულება საჯაროდ”,- განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ. -ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.