ტრაპისათვის საქართველო მაინც და მაინც დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს. მას ფოკუსი სხვა რეგიონებზე აქვს გასწორებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც იმ გარემოებას გამოეხმაურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ვერ შეძლო მაშინ, როცა ერთი წელია ვაშინგტონთან „დალაგების“ მოლოდინშია.
მისი თქმით, „აღნიშნულის გამო, საქართველო ასეც ზარალობს და ისეც, დემოკრატიული საქართველოც და ივანიშვილის საქართველოც“.
„ცოტა უცნაური, სპეციფიკური და ადვილად ასახსნელი არ არის ის ვითარება, რომელიც შექმნილია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ტრაპისთვის კანონის უზენაესობა, დემოკრატია არ წარმოადგენს იმ დონის ღირებულებებს, როგორადაც ეს ტრადიციულად, მინიმუმ, ცივი ომის დასრულების შემდგომ მაინც, აშშ-სთვის ცალსახად იყო პრიორიტეტი. ამიტომ, ივანიშვილის ქცევა, [ალბათ, ივანიშვილის გუნდს ეს აკვირვებს,] მაინც და მაინც, ტრამპის გემოვნებიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. ტრამპი სიმპათიებს გამოხატავს ძლიერი ლიდერების, ავტორიტარული ლიდერების მიმართ. ლუკაშენკო მიიწვია თავის დაანონსებულ ღაზას „მშვიდობის საბჭოში“. ალბათ, „ოცნების“ მომხრეებს უკვირთ, რაშია საქმე, ჩვენ რაღა დავაშავეთ. მგონი, აქ ის მომენტია, რომ ტრაპისათვის, მაინც და მაინც, დიდ ღირებულებას საქართველო არ წარმოადგენს. მას ფოკუსი სხვა რეგიონებზე აქვს გასწორებული. ის მთლიანად გადაიყოლა გრენლანდიის ირგვლივ არსებულმა ვნებათაღელვებმა. ყველაფერი ამის გამო, საქართველო ასეც ზარალობს და ისეც, დემოკრატიული საქართველოც და ივანიშვილის საქართველოც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ურთიერთობები საქართველოსთან მას დელეგირებული ჰქონდეს უფრო დაბალ დონეზე, ამაზე არის ხოლმე მოარული ხმები და იქ კულისებში რაღაცა კონტაქტი მიმდინარეობდეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რამდენად არის შანსი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ საქართველოც მიიწვიოს მაშინ, როცა მიწვევა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მეზობელმა სახელმწიფოებმაც მიიღეს, დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ტრამპმა „საქართველოსთვის ხელწამოსაკრავი ვერაფერი მოძებნა და თან ვინ უნდა დაპატიჟოს?“
„ტრამპის ინტერესი სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართ გამოჩნდა. მას ეს გზა აინტერესებს. თან კიდევ, ომების დასრულების გატაცება ახასიათებს. ამისათვის კარგი მომენტი ნახა. საქართველოსთვის ხელწამოსაკრავი ვერაფერი მოძებნა და თან ვინ უნდა დაპატიჟოს? ივანიშვილს ვერ დაპატიჟებს იმიტომ, რომ არაფორმალურია. კობახიძის რეიტინგი, მგონია, ძალიან დაბალია. ის რაღაცნაირად, არ ფიგურირებს საერთაშორისო სცენაზე, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. ყაველაშვილს საერთოდ ცერემონიალური ფუნქცია აქვს მხოლოდ. საქართველო შინაგანადაც ვერ ავლენს იმას, რომ ტრამპისთვის საინტერესო იყოს შინაგანი მოწყობით, ელიტური კონფიგურაციით. რაღაცნაირად ტრამპმა ვერც გეოგრაფიაში დაინახა რამე განსაკუთრებული. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, გარკვეულწილად ტრამპის პრობლემაც არის. თუკი მას მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში რაღაც საინტერესო არის და ეს საინტერესოობა საქართველოს გარეშე განხორციელდეს?! ნაკლულია ასეთი ხედვა, მაგრამ ჩვენც არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტრამპი თუ საერთაშორისო თანამეგობრობა გადავარწმუნოთ და ყურადღება საქართველოსკენ მოვიპყროთ“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ტრამპი დასავლურ, ევროატლანტიკურ ერთობას „ძალიან სერიოზულად აზიანებს“.
„ტრამპმა მოახერხა და იმ დონეზე უარყო საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპები, საერთაშორისო სამართალი, რომ უნდა, თავის მოკავშირეებს ტერიტორია წაართვას. ის დასავლურ, ევროატლანტიკურ ერთობას ძალიან სერიოზულად აზიანებს. შეგვიძლია ასე ვიფიქროთ. ის იმდენად გატაცებულია რაღაც პირადული დიდების დამყარებით. ჰეროსტრატეს მითი არსებობს: მან არტემისის ტაძარი გადაწვა იმიტომ, რომ ისტორიაში შესულიყო. რაღაც ჰეროსტრატული არის ტრამპში - მას უნდა ნობელის პრემია, მას უნდა, რომ ბრწყინავდეს, როგორც მყინვარის წვეტი მზის ქვეშ, მაგრამ მის უკან რაღაც ძალები არიან აშკარად. გარკვეული ტიპის შეხედულებები და დისკურსი არსებობს აშშ-ში, რომელიც თვლის, რომ აღარ არის ევროატლანტიკური ერთობა ღირებული, საერთაშორისო სამართალს სჯობია, რომ მსოფლიო გაიყონ დიდმა, ძლიერმა სახელმწიფოებმა. როგორც ამაზე კარგი ანალიტიკოსები ამბობენ დასავლეთში, ის რამდენიმე ათეული წლით კი არ ბრუნდება უკან ისტორიაში, არამედ 150-200 წლით. იმპერიების ეპოქაში მიდის და ეს ძალიან საშიშია“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დარჩიაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ, ნათლისღების დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ „ნათლისღება ასეთ წამებად იმიტომ გადააქცია, რომ ადამიანებად არ თვლის ოპონენტებს და რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს“.
„ხელისუფლებას ყოველთვის მიაჩნია, რომ რაიმე დათმობა ოპონენტის მიმართ არის სისუსტის გამოხატულება. ეს კულტურაა, სპეციფიკური ლოგიკაა. პუტინიც იმავე ლოგიკაშია გაზრდილი. პეტერბურგულ-კა გე ბესტური ლოგიკური ხაზია, რომ არასდროს არ უნდა დათმო არაფერი. [თუ დათმე,] მაშინ სუსტი ხარ, ესე იგი ვერ „ბიჭობ“. მას ჰგონია, რომ მომიტინგეთა გათავისუფლება უკან დახევა იქნება. მე მგონია, რომ ეს პირიქით არის, ნორმალურობისკენ დაბრუნების შესაძლებლობა იქნებოდა, ნაბიჯი ცივილურობისკენ. ეს მას ასე არ ჰგონია და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ქართულ საზოგადოებას ძალიან მძიმე ავადმყოფობა სჭირს.
ერთი მხრივ, ხელისუფლებას ძალიან აწუხებს, რომ მის ლეგიტიმურობას ოპონენტები არ აღიარებენ. მესმის, ეს მძიმე ასატანია, რომ არ გცნობენ. უბრალოდ, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რომ თვითონ არის პასუხისმგებელი ასეთი ვითარების შექმნაზე. ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეს არანორმალური ვითარება მისთვის შექმნილი, რაღაცნაირად გამოსწორების გზას დაადგეს. ცნობილია, საით უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯები. მეორე მხრივ, ხელისუფლების დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ არის მათი ადამიანობის არ აღიარება. ის ასე ექცევა ოპონენტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს. საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ნამდვილი ადამიანები, ესენი ხელისუფლების მომხრეები არიან და ყველა დანარჩენი, რომელიც მტერია, გასანადგურებელია. კულტურულად, ცივილიზაციურად, გემოვნებით, ღირებულებებით, ყველანაირად მოსაშთობია. ასეთ ვითარებაშია ქართული საზოგადოება და შეუძლებელია, რომ იგი ხანგრძლივ ვადიან განვითარების გზაზე რამენაირად დადგეს, როცა ასეთი ურთიერთმიუღებლობა არსებობს საზოგადოებაში. ვისაც გაუკვირდა, რატომ გადააქცია ნათლისღება ასეთ წამებად, მოლოდინები გაჩნდა, მერე ეს მოლოდინები არ გამართლდა... ეს იმიტომ, რომ ადამიანებად არ თვლის ოპონენტებს, არც მზიას, არც რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს, არც ჟურნალისტებს, რომლებსაც მათზე გული შესტკივათ, ისინი მათთვის არის ნახირი, რომელსაც ასე უნდა მოექცეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.