აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ სატრანზიტო ტვირთები, რომელიც საქართველოზე გადის მალე გადამისამართდება სომხეთის სატრანზიტო მარშრუტებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამყარებს საკუთარ ფუნქციას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც დასავლეთის სანდო პარტნიორი რეგიონში საბოლოოდ კარგავს საკუთარ პოზიციებს. ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო არა თუ ვერ იძენს რაიმე ახალ ფუნქციას, არამედ კარგავს დღეს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებსაც.
“საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, საქართველოს მართვის ყოველი დღე ჩვენს ქვეყანას სულ უფრო ძვირი უჯდება.
სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში ყველა სახელმწიფო ცდილობს, მოძებნოს საკუთარი ინტერესების დაცვის საუკეთესო გზა. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების, აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაუქმების, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების პირობებში, გაურკვეველია, რა სტრატეგიული ფუნქცია დარჩა ქვეყანას. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი, აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს ქმნიან, საქართველო არა თუ ვერ იძენს რაიმე ახალ ფუნქციას, არამედ კარგავს დღეს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებსაც.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებს და სტრატეგიულ დატვირთვას.
სტრატეგიული ფუნქციის დაკარგვა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
აშშ ხდება გარანტორი აზერბაიჯან-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის და ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნების სუვერენიტეტის.
ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს რჩება ერთადერთი ფუნქცია - დარჩეს ბუფერულ ზონად რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც არც დასავლეთში ინტეგრაციის პერსპექტივა ექნება და არც ეკონომიკური განვითარების შანსი. რუსეთი დიდი ხანია სწორედ ამ ფუნქციას ითვალისწინებს საქართველოსთვის, რაც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად რეალობად იქცა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, ეს ნიშნავს დაუცველობას, სიღარიბესა და სრულ უპერსპექტივობას”, - ნათქვამია განცხადებაში.