ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026

ვიქტორ ყიფიანი - “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ"

რატომ არ ჩამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში - ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟის დეტალები

გია ხუხაშვილი - “მაინტერესებს, სუს-მა ფასები როგორ უნდა “დაადგინოს”?

ახალი წესები ახალი ერთობისათვის - რა ჩაიწერება ოპოზიციის გამაერთიანებელ დოკუმენტში

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე - “როგორ შევაჩეროთ „ჩუმი სიკვდილის“ შემოტევა?!”

* * *

ვიქტორ ყიფიანი - “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ"

“იმ ყველაფერს, რასაც დღეს “ქართული ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. ძალიან გვინდა მათი განცხადებების დავიჯეროთ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”... ავიღოთ, მათივე თქმით, “ჯანსაღი დებატებისკენ” მოწოდება. ამისთვის მხოლოდ განცხადებები არ კმარა, ამას სჭირდება შესაბამისი პირობებისა და ფონის შექმნა. მაშინ, როდესაც წინადღეს დებატების დაბრუნებაზე ლაპარაკობ და მეორე დღეს ვხედავთ რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედებას სასამართლოს სხდომათა დარბაზებში, ეს ნამდვილად ვერ ქმნის იმის პირობებს, რომ ვინმემ დაიჯეროს ხელისუფლების და მასთან დებატებს დათანხმდეს”, - აცხადებს პოლიტიკური ინიციატივის “ჯერ საქართველო” დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს...”

“ჯერ საქართველო” იმავე საღამოს გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, მაგრამ დებატებს აქვს თავისი წესი, წანამძღვრები, რის გარეშეც ის ფიქციაა. ამასთანავე, თუ მართლაც გინდა ჯანსაღი დებატების გამართვა, ის უნდა გაიმართოს არსებული ხელისუფლების პირველ პირებთან. ისე არ უნდა იყოს, რომ შეიქმნას მხოლოდ ილუზია, ეფექტი, რომ არის დებატები, რომ ეს იყოს მხოლოდ ემოციების ნიაღვარი, მხოლოდ ოპტიკის შექმნა, რომელსაც შემდგომ “ქართული ოცნება” სათავისოდ “გაყიდის” უცხოეთში, როგორც პოლიტიკური პროცესების “განორმალურების” ტენდენციას. ყოველივე ის, რაც კობახიძის განცხადების შემდეგ მოვისმინეთ “ქართული ოცნებისგან”, ჩემი აზრით, ფარსის შთაბეჭდილებას ტოვებს, საბოლოოდ კი ეს გულწრფელი განცხადება არ არის. ასეთივე განცხადებები მოვისმინეთ ცალკეული სასულიერო პირებისგან. მოწოდებები შერიგებისკენ გააკეთეს ადამიანებმა, რომლებიც ერთხანს ძალიან ენერგიულად უჭერდნენ მხარს “ქართული ოცნების” კურსს. “ოცნების” წიაღში მიმდინარე პროცესებმა გაახსენა მათ, რომ დადგა შერიგების დრო. მოკლედ, ამ მოწოდებების რეალურ მოტივებზე სერიოზული კითხვები იბადება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.

“ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია. შეიძლება ითქვას, ის, რასაც პოლიტიკას ვუწოდებთ, ქვეყანაში აღარ არსებობს. დიახ, არის გულწრფელი ემოციები, არის განცხადებები, მოქმედებები, მაგრამ ამას მწყობრ, სტრუქტურირებულ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სწორედ ოპოზიციურ სპექტრს, თორემ ხელისუფლება რასაც აკეთებს, კი ვიცით - მისი მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკა ჩაკვდეს, რათა შესატყვისი პოლიტიკური ინსტრუმენტები გაუქმდეს. არადა, ამ ინსტრუმენტების აღორძინება, დანერგვა და ეფექტიანად გამოყენება არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანა. დღეს ვცხოვრობთ ისეთ ვითარებაში, როდესაც ინდივიდუალური თავდადება ვერ გადაწონის ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ მიდგომას. პარტიული ოპოზიციური სპექტრი ვერ უმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. არავინ არავის ნიშნს არ უგებს და არც ჩასაფრებული ვარ, სამწუხაროდ, ეს რეალობაა.”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიციური სპექტრში კრიტიკულად გადააფასონ განვლილი პერიოდი და თუ მათი რესურსი არ არის საკმარისი ძირეული ცვლილებებისთვის, იფიქრონ დამატებით რესურსზე. ეს შეიძლება იყოს აღმოცენებადი პარტიული სტრუქტურები, მე მათ ვუწოდებდი პოლიტიკურ სტარტაპებს, რომელთა ჩამოყალიბებისა და პოლიტიკურ პროცესში შესვლის დრო უკვე დადგა. აქედან გამომდინარე, თუ ახალი მოთამაშეების ჩამოყალიბების პროცესი იქნება მზარდი, მე არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებდი, არ შეუშალონ ხელი მას. ეს არ უნდა გადაიქცეს შიდა კონკურენციად და კინკლაობად, რადგან ეს საერთო მიზნებს დააზიანებს. არ ჩამითვალოთ ზედმეტობაში, მაგრამ ასეთ სტარტაპად მივიჩნევთ ჩვენს პოლიტიკურ ინიციატივას “ჯერ საქართველო”. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ვერც ერთი ცენტრი თუ ჯგუფი ვერ აიღებს საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი მთავარი დევიზი, რომ “ძალა ერთობაშია”, უნდა გამოიხატოს იმ პროცესშიც, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფებას ემსახურება. რაც შეიძლება დროულად და ეფექტიანად უნდა მოხდეს განახლებული ენერგიის, რესურსის შედინება”, - მიიჩნევს “ჯერ საქართველოს" ლიდერი.

“ბარემ აქვე ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დროის დეფიციტი, რაც განპირობებულია გარე კონიუნქტურით, ხდება უამრავი რამ როგორც რეგიონში, ისე მის მიღმა და ჩვენი ქვეყანა არსად, არც ერთ დიდ თუ პატარა თემასთან კავშირში არ ფიგურირებს. პრაქტიკულად, ჩვენ ვართ ისეთი მწარე რეალობის წინაშე, როდესაც “ოცნებამ” და მასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა ქვეყანა მოაქციეს საკუთარ თავთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ასეთი მდგომარეობა, როდესაც თავი მართალი გგონია და მთელი მსოფლიო თურმე შენთან მტყუანია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაადგება ვერც ქვეყნის უსაფრთხოებას და ვერც მის განვითარებას... რა ხდება ჩვენს თავს ისეთი, რომ არავინ გვეხმიანება, არავინ გვახსენებს? გლობალურ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, აგერ ჩვენს სიახლოვეს, მთლად ყურის ძირში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უმნიშვნელოვანესი პროცესი მიდის და რატომ თუნდაც მოკითხვის, კონსულტაციის ან ინფორმირების დონეზე მაინც არავინ ურთიერთობს საქართველოს ხელისუფლებასთან? როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას არ მიიჩნევენ ანგარიშგასაწევ პარტნიორად”, - დაასკვნის ვიქტორ ყიფიანი და შეკითხვაზე - “ეს ყველაფერი რას მოუტანს ქვეყანას, ზანგეზურის დერეფნის პროექტი მალე რეალობად იქცევა...” - პასუხობს:

“ამ კორიდორის მშენებლობა და საზოგადოდ, აშშ-ის კავკასიისადმი ინტერესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ აბსოლუტურად რელევანტურია კითხვა, რას მოუტანს ეს გზა საქართველოს, იქნება თუ არა მომგებიანი ჩვენთვის? სამწუხაროდ, დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასიხარულო არაფერი გვაქვს. ის, რომ ამ ყველაფერს ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში და მოუმზადებლები ვხვდებით, კარგს არაფერს გვიქადის”.

“მივიწყებულ ქვეყანას ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენია, ასეთი მცირე რესურსებისა და ამდენი საფრთხის მქონეს, ემუქრება უსაფრთხოების სრულად განულება, განვითარებასა და კონკურენტუნარიანობაზე უარის თქმა, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნა. ქვეყნის სახელმწიფოდ ქცევა გადის მის ფუნქციაზე, როლზე, სარგებლიანობასა და საჭიროებაზე, დღეს შექმნილი ვითარება კი ქმნის იმის უდიდეს საფრთხეს, რომ სახელმწიფოდ კი არა, უბრალოდ გეოგრაფიად ვიქცეთ, რომელსაც მხოლოდ ნომინალურად ექნება დროშა, გერბი და ჰიმნი. სამწუხაროდ, საქართველოს ემუქრება იქცეს კონკრეტული და საეჭვო ინტერესების გამტარ გეოგრაფიულ სივრცედ, რომელსაც ვერაფერი ექნება საერთო არათუ სახელმწიფოსთან, არამედ სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანასთანაც კი. შეიძლება ძალიან დრამატულად ჩანს ჩემი ნათქვამი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი პოლიტიკის უკიდურესი შედეგი ასეთი იქნება”, - დასძენს ყიფიანი.

რატომ არ ჩამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში - ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟის დეტალები

“აშშ-ის ვიცე-პრეიდენტი ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ვიზიტი “ტრამპის მარშრუტის” განვითარების ფარგლებშია დაგეგმილი. ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში სტუმრობისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს გვერდს აუვლის და ზოგადად, ამ ვიზიტთან და რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში საქართველო ნახსენები არ არის, ხელისუფლების ოპონენტებს კრიტიკის საფუძველს აძლევს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველო პრაქტიკულად გაქრა აშშ-ის პოლიტიკური რადარებიდან, რაც სერიოზული პრობლემაა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯეი დი ვენსის ვიზიტისას ერევანში საუბარი იქნება ნახევარგამტარების წარმოებასა და მშვიდობიან ბირთვულ თანამშრომლობაზე, ბაქოში კი სამხედრო თანამშრომლობასა და აზერბაიჯანისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ არ ჩამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში - ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟის დეტალები და პოლიტიკური შეფასებები.

“დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ბაქოსა და ერევანს თებერვალში ეწვევა. “მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის... ჩვენ გავაძლიერებთ სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავ შეთანხმებას, შეთანხმებებს ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანისთვის აშშ-ში წარმოებული თავდაცვის აღჭურვილობის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას”, - ამბობს ტრამპი. თსუ-ს პროფესორი, ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციის რადარების ქვეშ სომხეთ-აზერბაიჯანი მოხვდა, ხოლო საქართველო - არა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს ხელისუფლებამ კარგა ხანია თვითიზოლაციის გზა აირჩია. ეს გაცხადებული იყო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას, რომელმაც განაცხადა, რომ არ უნდა ვიყოთ საჯილდაო ქვა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის, ამ დიდი სახელმწიფოების და დიდი ძალების მეტოქეობაში საქართველო რადარებიდან უნდა გაქრეს. ამას მიაღწიეს და ქვეყანა რეალურად სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა, რომელიც მთელი 35 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. უმნიშვნელო გახდა პირველ რიგში მისი საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე და მერე ამას საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მოჰყვა. უკვე გახდა უინტერესო და სტრატეგიულად უმნიშვნელო როგორც აშშ-სთვის, ისე ევროკავშირისთვის. რეგიონალურ პროექტებში, უსაფრთხოება იქნება თუ კორიდორები, აშშ და ევროკავშირი უკვე საქართველოს მინიმალურად მიაზრებენ, რომელზეც “ქართული ოცნება” მთელ თავის გეგმებს აგებს, ესეც კი საფრთხის ქვეშაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“აზერბაიჯანსა და სომხეთისთვის ვენსის სტუმრობა და თუნდაც ის, რომ ამ თემაზე დასავლეთში სტატიები იწერება, ნიშნავს, რომ ეს ორი სახელმწიფო ტრამპის ადმინისტრაციის რადარებში მოხვდა, რაც ადვილი არ იყო. სომხეთი ამით ნელ-ნელა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოდის, რომელიც მას ყარაბაღის გამო წლების განმავლობაში ჰქონდა. ის ფრთხილად ნელ-ნელა ცდილობს რუსეთის კლანჭებიდან გამოვიდეს. რაც დასავლეთს საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი ჰქონდა, ფაქტიურად ნელ-ნელა გადაინაცვლებს სომხეთსა და ნაწილობრივ აზერბაიჯანში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნებში ორი სხვადასხვა ტიპის რეჟიმია და ევროკავშირისთვის სომხეთთან ურთიერთობა უფრო მისაღებია. ქვეყანაში ძირეული ცვლილებებია საჭირო როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ შეიძლება ყალბი მულტივექტორალიზმი ვუწუდოთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველა ძალასთან ურთიერთობა უნდა გქონდეს, ხოლო როცა დასავლეთთან იზოლაციაში ხარ, ეს არაა მულტივექტორალიზმი”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ეს საგარეო პოლიტიკა, ფაქტია, რომ არ ამართლებს. თუ საშინაო პოლიტიკაში არ განხორციელდა ის ცვლილებები, რაც ქვეყანას სჭირდება, ვერ გახდება მიმზიდველი ვერც დასავლეთისთვის და ვერც ვერავისთვის. რისკები არსებობს, რომ საქართველომ რეგიონალური თვალსაზრისით პოზიციები დათმოს და ჩვენ ამას ვხედავთ იმ განცხადებით, რაც თუნდაც ალიევმა გააკეთა. არ ვიცი ხელისუფლება რამდენად იაზრებს, მაგრამ საფრთხეა ის, რომ რუსეთი ნელ-ნელა სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს, ბუნებრივია, რუსეთი ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს იგივე ჰიბრიდული ტიპის შეტევებით - რბილი ძალის გამოყენებით. დუგინის ცნობილი განცხადება, რომელმაც”ოცნების” ტერიტორიულ მთლიანობის იმედებს ცივი წყალი გადაასხა. ეს ქვეყანას ძალიან მძიმე რეალობაში აყენებს, რომელიც უკვე პარტიულ პოლიტიკასთან დაკავშირებული აღარაა - “ქოცებთან” თუ “ნაცებთან”, - თვლის კაკაჩია და შეკითხვაზე - “რას ნიშნავს ტრამპის მიერ ნახსენები სომხეთთან “ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება”?” - პასუხობს:

“ნაწილობრივ უსაფრთხოების გარანტიების მინიშნებაცაა, არაა გამორიცხული სომხეთის ხელისუფლებამ სთხოვა, რადგან მათ აქვთ ატომური სადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენდა და ალბათ საუბრები იყო ამის მოდერნიზაციაზე, არაა გამორიცხული ამაზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ღიად ცნობილი არაა”.

გია ხუხაშვილი - “მაინტერესებს, სუს-მა ფასები როგორ უნდა “დაადგინოს”?

“ხელისუფლება ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ხალხზე ზრუნავს. სინამდვილეში ეს ფარსია. საბაზრო ეკონომიკაში ფასებზე საბოლოო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ფასების ასეთი ზრდა პირდაპირ კავშირშია კონკურენციის შეზღუდვასთან. ნორმალურ ეკონომიკაში განვითარებული ინფრასტრუქტურა და ფართო რეალიზაციის ქსელი ფასებს ამცირებს, რადგან იზრდება კონკურენცია, მაგრამ როცა ხელისუფლება თავად უწყობს ხელს ბიზნესების გამსხვილებას, ეს იწვევს მონოპოლიების, ოლიგოპოლიებისა და კარტელური გარიგებების ჩამოყალიბებას. ასეთი სისტემები ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე არ ყალიბდება. ამიტომ, თუ სადმე ფასები დამახინჯებულია, ეს სუს-ის შეშვებით და ვიღაცების დასჯით არ მოგვარდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მაინტერესებს, სუს-მა ფასები როგორ უნდა დაადგინოს?”

“როცა ბიზნესმენებს პარტიულ სალაროსთან აყენებენ და ზოგს 200 ათასს ახდევინებენ, ზოგს 60 ათასს და ზოგსაც 300 ათასს, ეს თანხა პროდუქტის თვითღირებულებაში ჯდება. მერე უკვირთ, რატომ ძვირდება პროდუქტიო? იმიტომ ძვირდება, რომ ბიზნესს აქვს პოლიტიკური გადასახადი და პოლიტიკური რისკი, რაც საბოლოოდ ფასებში აისახება. კობახიძის განცხადება, რომ თითქოს ქვეყანაში “ძალიან ბევრი მარკეტია” და ეს არის ფასების ზრდის მიზეზი, ეკონომიკური უცოდინრობის მაგალითია. ელემენტარული ეკონომიკური კანონია: რაც უფრო მეტია რეალიზაციის ინფრასტრუქტურა, მით უფრო დაბალი უნდა იყოს ფასები. მარკეტების სიმრავლე ფასებს კი არ ზრდის, ამცირებს. თუ ასე არ ხდება, ე.ი. ქვეყანაში არაჯანსაღი გარემოა, რომელზეც პასუხისმგებელი თავად ხელისუფლებაა. მაინტერესებს, სუს-მა ფასები როგორ უნდა `დაადგინოს~? კანონით ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ფასნამატი დაადოს პროდუქტს. ჯანსაღ ბაზარზე ძვირად ვერ გაყიდი, რადგან კონკურენტი იაფად გაყიდის და გაიძულებს ფასის დაწევას. დაბალი ფასების ერთადერთი გარანტია კონკურენციაა. სადაც კონკურენცია არ არსებობს, იქ იწყება ფასების მონოპოლიური ზრდა და დღეს სწორედ ეს ხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეჭვი მაქვს, კობახიძე ეკონომიკურ პროცესებში ვერ ერკვევა. ვინ ქმნის ამ კარტელურ გარემოს? ისევ ხელისუფლება. ავიღოთ ბიზნესასოციაცია, ეს ხომ ფაქტობრივად კარტელური სისტემის პროდუქტია. ის ლობირებს საკუთარ წევრებს კონკურენციაში, ისინი აფინანსებენ პარტიებს და ამის სანაცვლოდ გარანტიებს იღებენ. მერე, როცა ხელისუფლება ვითომ “ებრძვის” კარტელს, იგივე ბიზნესები ეტყვიან, ფული რომ მოგვთხოვეთ პარტიულ სალაროში, სად უნდა გვეშოვა, თუ მონოპოლია არ გვექნებოდა და ტენდერებს მარტო ჩვენ არ მოვიგებდითო? ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვების კორუფციული საქმეები გავიხსენოთ, საიდან მიდიოდა მათთან ფული?! ბიზნესიდან ხომ არა?! ეს ე.წ. ხარკი პროდუქტის თვითღირებულებაში არ აისახებოდა?! იმ 86%-იან ფასნამატში მინიმუმ 15-20% პოლიტიკური კორუფციის შედეგია. თუ ეს წნეხი მოიხსნება და ბიზნესი პოლიტიკური რისკებისგან გათავისუფლდება, ჯანსაღი კონკურენცია თვითონ დაარეგულირებს ფასებს. ამას ხელისუფლებისა და სუს-ის ჩარევა კი არა, თავისუფალი ბაზარი სჭირდება”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

მამუკა ხაზარაძის სადისტრიბუციო კომპანიასაც მიადგნენ, რაც სასაცილოა. ამ კომპანიას დისტრიბუციის სეგმენტის მხოლოდ 2% უჭირავს. ეს არის კლასიკური მანიპულაცია: თითქოს მიზეზები სხვაგანაა, თითქოს კონკრეტული “დამნაშავეები” უნდა ვიპოვოთ, რეალურად კი მიზანი პასუხისმგებლობის გადატანაა. ვიღაცებს გადააბრალებენ ყველაფერს, თვითონ კი ძალაუფლებაში დარჩებიან. გათვლა სწორედ ამაზეა... კარტელური გარიგებები შეიძლება არსებობდეს ისეთ ბაზრებზე, სადაც კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, ფარმაცევტულ სექტორსა და ნავთობპროდუქტებში. ვინ არიან ამ ბაზრებზე მთავარი მოთამაშეები? სწორედ ის კომპანიები, რომლებიც ხელისუფლებას ხარკს უხდიან. ეს ხარკი ხომ ჰაერიდან არ მოდის?! ხელისუფლებას უნდა ერთდროულად ხარკიც აიღოს და დაბალი ფასებიც ჰქონდეს, ეს კი არ მუშაობს... გახსოვთ კამპანია წამლებთან დაკავშირებით? რა აღშფოთებით საუბრობდნენ “ოცნების” წევრები წამლების განუზომლად მაღალ ფასებზე? მაშინაც დიდი ხმაური იყო, განცხადებები, “ბრძოლა ფასებთან“ და მერე რა მოხდა? ბოლოს გარიგდნენ და ყველაფერი ძველებურად დარჩა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გაიხსენეთ ბანკების თემა - “ორმა ბანკმა რომ გადაჭამა ყველაფერი”. კამპანია რომ დაიწყეს, ბანკების მოგება კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. როგორ გგონიათ, რის ხარჯზე? მომსახურების ღირებულების ზრდის ხარჯზე. ყველაფერი იწყება პოპულისტური განცხადებებით და “ნიანგის ცრემლების” ღვრით. ამიტომ ტყუილად ელოდებით ფასების შემცირებას, პირიქით, მოიმატებს. ახლა, როცა სუს-ი შევიდა მაღაზიებში, იმასაც ხომ რაღაც უნდა “აჭამონ”, რომ თავი დაანებონ?! და სუს-ს რომ “აჭმევენ”, ეს ხარჯი სად აისახება? ისევ ფასებში, პროდუქტი უფრო გაძვირდება... საბჭოთა კავშირში იყო სახელმწიფო ფასები და რეალური ეკონომიკა საერთოდ არ არსებობდა. არსებობდა ე.წ. გოსპლანი, რომელიც ფასებს ზემოდან ადგენდა. დღეს კობახიძე ფაქტობრივად იმავე მოდელის შექმნას ცდილობს, თუმცა ვერ იმუშავებს, მაგრამ თავად გზავნილი სწორედ იქამდე მიდის - საბჭოთა ტიპის მართვამდე. ეს არის უკიდურესად სახიფათო და აბსურდული მიდგომა თანამედროვე ეკონომიკაში”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“არ ვიცი, რა გათვლით გადაწყდა, რომ თითქოს ურთიერთობების გასახსნელად ოპოზიციასთან დიალოგი უნდა დაწყებულიყო. რეალურად ხელისუფლების მიერ დებატებზე საუბარი უკიდურესი თავხედობაა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ კონტროლირებად მედიასივრცეში არსებობს”შავი სიები”, სადაც არასასურველი პირები არ დაიშვებიან. მე თავად ვარ ამის ცოცხალი მაგალითი. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც “იმედი” დაუბრუნა მის მეპატრონეს, მაშინ როდესაც ბიძინა წინააღმდეგი იყო, რომ ეს ტელევიზია ბადრის ოჯახს დაბრუნებოდა. თუმცა დღეს სწორედ მე აღმოვჩნდი ამ ტელევიზიის შავ სიაში. ამიტომ, როდესაც ასეთი ადამიანები დებატებზე იწყებენ ლაპარაკს, ეს დიდი უტიფრობა და ტყუილია... ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების დელეგიტიმაციის პრობლემა არა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ოპოზიციის დელეგიტიმაციის პრობლემაც...” - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის კრიზისი “ოცნებას” ხომ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს?” - პასუხობს:

“თუ პროცესების ლოგიკას მივყვებით, რიგგარეშე არჩევნები მართლაც გარდაუვალია. მიზეზი მარტივია: ქვეყანა დგას მკაფიო ისტორიული არჩევანის წინაშე: ან საქართველო უბრუნდება ევროპულ გზას, ან გადადის სხვა გეოპოლიტიკურ მიმართულებაზე. მესამე გზა არ ჩანს. თუ ხელისუფლება აირჩევს კურსს, რომელიც დასავლურ სივრცეს გვაშორებს, მას არა აქვს საკმარისი საკონსტიტუციო რესურსი და სრული საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ასეთ ვითარებაში არჩევნები ხდება აუცილებელი ინსტრუმენტი, რათა ამ ცვლილებას ფორმალური საფუძველი მიეცეს; თუ ქვეყანა ბრუნდება ევროპულ გზაზე, ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებას სჭირდება განახლებული მანდატი, რადგან დღეს დასავლური კურსის რეალური დაბრუნებისთვის მას საზოგადოების დიდი ნდობა აღარ აქვს. ამიტომ, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს ხელისუფლებამ, ორივე სცენარში არჩევნების საჭიროება გაჩნდება...”

ახალი წესები ახალი ერთობისათვის - რა ჩაიწერება ოპოზიციის გამაერთიანებელ დოკუმენტში

“ოპოზიცია მომავალი ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დაფუძნებულ დოკუმენტს ამზადებს. მათი განცხადებით, მიზანი მხოლოდ ფორმალური გაერთიანება არ არის და საუბარია გამძლე ერთობაზე, რომელიც ძლიერი ოპოზიციური თანამშრომლობის გარანტი უნდა გახდეს. რა წესებს შეიძლება დაეფუძნოს ახალი ერთობა და რა უშლიდა ოპოზიციურ ძალებს აქამდე ხელს? მას შემდეგ, რაც “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ციხე დატოვა, მალევე დაიწყო საუბარი ოპოზიციურ ერთობაზე. თავად ჯაფარიძემ 18 იანვარს განაცხადა, რომ ეს ერთობა, “იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა - კოორდინაციაზე ბევრად მეტი”. ანალიტიკოსები ახალ გაერთიანებას დიდი ენთუზიაზმით არ უყურებენ. ექსპერტების ნაწილი პროლემას “ნაცმოძრაობაში” ხედავს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისთვის საჭირო მოტივაცია არ აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი წესები ახალი ერთობისათვის - რა ჩაიწერება ოპოზიციის გამაერთიანებელ დოკუმენტში.

“ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა. “ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკუშედეგი მოაქვს. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაში შესვლა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ჯერ არ არის არჩევნები დანიშნული. მე არ ვიცი სხვას რა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება”, - განაცხადა სამადაშვილმა. “ფედერალისტების” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციური ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დამყარებული დოკუმენტი მზადდება და „ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენი თავი რაიმეს ერთობაში - თუ იარსებებს მოქცევის წესები და ეს წესები იქნება დემოკრატიული”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ახალ წესებს ახალ ერთობაში ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერთა განცხადებებიდან ეს ჯერჯერობით, არ ჩანს. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილს ამ ერთობის არ სჯერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველასათვის საინტერესოა, თუ რა წესებზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. ეს ხომ პირველი არ არის, ლამის ყველა ეტაპზე ძირითადი მოწოდება ეს იყო - გავერთიანდეთო, მაგრამ ვერაფრით ვერ მოხერხდა. შეიძლება მე ვერ ვხედავ და რაიმე დუღს შიგნით, მაგრამ, ეს ოპოზიციური ფიგურები, რომლებიც დღეს გაერთიანების ინიციატორები არიან, კარგა ხანს იყვნენ საპყრობილეში და ფიქრის საშუალება ჰქონდათ. იქნებ რამე მოიფიქრეს... ჯერჯერობით განცხადებები, რომლებიც მათ გაერთიანებას ხელს შეუწყობდა და გააძლიერებდა, არ ჩანს. მით უმეტეს ამ მომენტისთვის, არც არჩევენებია მოახლოებული, ასეთი გაერთიანების აუცილებლობა თითქოს არ დგას და რატომ წამოიწია ახლა ამ თემამ, არ ვიცი”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. “მე ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით არ ვუყურებ, ვფიქრობ, აქედან არაფერი გამოვა. ახლა ვერანაირ წესებს ვერ შემოიღებ, ეს საერთოდ არ არის კონკრეტული რაღაც გამაერთიანებელი, მოტივატორი... ასეთი რამ არ არსებობს - რატომ უნდა იყვნენ ესენი ერთად, რის გამო? მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ? - არ მგონია”, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.

რამაზ საყვარელიძე საუბრობს “ნაცმოძრაობის” ფაქტორზე და ამბობს, რომ სწორედ ეს უშლის და უშლიდა ხელს ერთობის პერსპექტივას. “თუკი ოპოზიციამ მკაფიო უარი არ თქვა “ნაცმოძრაობის” მიღებაზე, მათთან გაერთიანებაზე და მისი პოლიტიკის გაზიარებაზე, იქნება ეჭვი რომ ისევ “ნაციონალური მოძრაობა” მოჰყავთ. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია იმ პერიოდს აქტიურად არ აკრიტიკებს. ხელისუფლებაც სარგებლობს ამით და იძახის, რომ ეს “ნაცმოძრაობის” განშტოებებია. სანამ ეს ასეა, როგორც 2012-ში ძალიან მოინდომა ხალხმა, რომ „ნაცმოძრაობა" გაეშვა ხელისუფლებიდან, ეს ხალხი არ დაუშვებს, რომ “ნაციონალები” მობრუნდნენ. “ნაციონალებზე” უარის გარეშე ოპოზიციას პერსპექტივა არ ექნება”, - განაცხადა საყვარელიძემ, რომლის აზრით, “ნაცმოძრაობის" ფაქტორის გარდა, იმისთვის რომ შიდა კონფლიქტები გამოირიცხოს და ერთობას პერსპექტივა ჰქონდეს, ოპოზიციამ “ნულოვანი პოზიციიდან უნდა დაიწყოს ხელახლა თავისი ოპოზიციონერობის ამოშენება”, - დასძენს გამოცემა.

“დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ერთობა შესაძლოა “ნაცმოძრაობის” გარშემო შეიკრას. “ბევრი პრობლემაა. საერთოდ, ჯერ ერთი - რატომ უნდა იყოს ერთი ოპოზიცია, ერთი პარტია, ასეთი მსოფლიოში არ არის, უბრალოდ ზოგან არის წამყვანი ოპოზიციური ძალები - აი, ვიღაც, ვისაც სხვაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მერე წვრილი პარტიები აკეთებენ მის გარშემო ერთობას. აქ, ამ შემთხვევაში, ასეთი ლიდერი არ არის. ასე რომ, ჯერ ერთი, თუ ასეთი გაერთიანება მოხდა, უფრო რეალურია, რომ “ნაცმოძრაობის” ირგვლივ მოხდეს. მაგალითად, გვარამიას პარტიაც “ნაცმოძრაობიდან” არის გამოსული, ვაშაძის პარტიაც, “გირჩი - მეტი თავისუფლებაც”. ეს მაინც იქნება “ნაცმოძრაობის” ფლანგზე და ვინც “ნაცმოძრაობის” ფლანგზე არ არის მე ამ ერთობაში ცოტა რთულად წარმომიდგენია - “ლელო”, “გახარიას პარტია” და სხვები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე - “როგორ შევაჩეროთ „ჩუმი სიკვდილის“ შემოტევა?!”

“კარგია, რეალიზატორებს რომ აკავებენ, მაგრამ ამის უკან ის პირები დგანან, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ და მათ რას ვუპირებთ? რეალურად, მოვაჭრე ჩნდება მაშინ, როცა ბაზარზე არის მოთხოვნა. შესაბამისად, ამ ახლახან დაკავებული 88 კაცის უკან დგას დიდი რაოდენობით ნარკოტიკის მომხმარებელი. ისინი ხომ არ გამქრალან, ისინი არსებობენ. მათი ნაწილი შეიძლება იყოს მომხმარებელი, ნაწილი - დამოკიდებული, რომელსაც ნარკოტიკი სჭირდება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამდენი დაჭერებისა, ბაზარზე, რომელიც სრულიად უკონტროლოა, არც ერთ ნარკოტიკზე დეფიციტი არ შექმნილა. რაც უნდა ვებრძოლოთ მიწოდებას, მოთხოვნა თუ იგივე დარჩა, გაჩნდება ახალი გზები და ახალი ნარკოტიკული საშუალებები. მოთხოვნა გარკვეული პროცენტით შეიძლება შემცირდეს მომხმარებლებში, მაგრამ ვინც დამოკიდებულია, ის მაინც შეიძენს სხვადასხვა გზით ნარკოტიკს”, - აცხადებს ექიმი-ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტების” წევრი ზურაბ სიხარულიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 5000-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი ანუ როგორ შევაჩეროთ „ჩუმი სიკვდილის“ შემოტევა?!

“როცა მოთხოვნა არაა შემცირებული, ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ჩნდება ბევრად მძიმე, იაფი და კუსტარული ნარკოტიკი. ასე მოხდა ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შემდეგ, როცა გაჩნდა `”კრაკადილი”, “ჯეფი”, “ვინტი”, სააფთიაქო ნარკომანია (რომელსაც დღესაც კი ებრძვიან, ოღონდ, ებრძვიან შედეგს და არა მიზეზს). თუ მიზეზი არ დავადგინეთ, რატომ მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს და როგორ შევამციროთ მოთხოვნა, ეს პრობლემა მუდმივად გვექნება. რაც არ უნდა გამკაცრებული და რეპრესიული იყოს ნარკოპოლიტიკა (და, რა თქმა უნდა, გამსაღებლების მიმართ იყოს ძალიან რეპრესიული), თუ ნარკომომხმარებელს არ მივეცით შესაბამისი სერვისი და მას კვლავ მოუწია არალეგალური ნარკოტიკის შოვნამ, ამაზე შავი ბაზარი ძალიან იოლად რეაგირებს. რით ვერ დამთავრდა ფონიჭალა? რამდენი სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს? რამდენი სპეცოპერაციაც არ უნდა ჩატარდეს, თუ მოთხოვნა იქნება, ეს ბაზარი სულ იარსებებს! ჩვენ თუ მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთში არ დავაბალანსეთ და არ შევქმენით ზიანის შემცირების მძლავრი მექანიზმები, ეს პრობლემა არასდროს დასრულდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ სიხარულიძე.

“გაჩნდება კუსტარული, უფრო დაბინძურებული და უფრო მძიმე ნარკოტიკი, იმიტომ, რომ დღეს შავ ბაზარს ბევრად მეტი ტექნიკური და მაღალტექნოლოგიური საშუალებები გაუჩნდა, ვიდრე 5 ან 10 წლის წინ ჰქონდა. რატომ არის დღესაც ძალიან გავრცელებული სააფთიაქო ნარკომანია? - იმიტომ, რომ ვინც ამ მედიკამენტებს მოიხმარდა, მათთვის არანაირი სამედიცინო ღონისძიება არ ჩატარებულა, მათთვის არავის შეუთავაზებია ჩამანაცვლებელი პრეპარატები ან სამკურნალო საშუალებები, ამიტომაც გახდნენ ამ პრეპარატზე დამოკიდებული. დამოკიდებული ადამიანი კი ყველა გზას ეძებს, რომ კვლავ მოიპოვოს ნარკოტიკი დღეს იაფად, ხვალ - ძვირად. შსს-ს ცნობით, ამოღებულია სრულიად სხვა ტიპის ნარკოტიკები, რომლებიც აქამდე არ იყო ბაზარზე, მაგალითად, “კოკაინი”, ისევ გამოჩნდა “ბუპრენორფინი”, რომელიც კარგა ხანს არ იყო შავ ბაზარზე (რადგან მისი მოცულობა პროგრამებით იყო უზრუნველყოფილი), “პრეგაბალინი” მუდმივად ფიგურირებს - ხან ისრაელიდან შემოაქვთ, ხან თურქეთიდან, ირანიდან და ამაში ჩართულია პირთა ძალიან დიდი ქსელი, ვინც უზრუნველყოფს შავი ბაზრის სტაბილურობას. თუ არ ვაღიარეთ, რომ ამის უკან დგანან მომხმარებლები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მანამდე ეს პრობლემა გაუარესდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როცა შავ ბაზარზე დეფიციტი იქმნება, ბაზარს შემოაქვს ბინძური, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომლებიც იწვევს ზედოზირებას, ფსიქოზს და სხვა უმძიმეს გართულებებს. შსს-ს აქვს თავისი საქმე და სწორად იქცევა, როცა გამსაღებლებს აკავებს, მაგრამ საპირწონედ მეორე მხარეა ცარიელი, ანუ 90% თუ მოდის საპოლიციო ღონისძიებებზე, 10%-იც არ არის სამედიცინო მომსახურებაზე... დასჯა და მზრუნველობა ერთმანეთთან დაბალანსებული უნდა იყოს. რეალიზატორი უნდა დასაჯონ და ეცადონ, მომხმარებელმა და დამოკიდებულმა ადამიანმა ნარკოტიკი აღარ მოიხმაროს, ან თუ მაინცდამაინც არა აქვს გადაწყვეტილი ფხიზელი ცხოვრება, მიიღონ სამედიცინო დაწესებულებაში. საჭიროა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება, უნდა იყოს ინფორმირებულობა და ამას ჰქონდეს სისტემური ხასიათი და არა კამპანიური. მსოფლიოში არსებობს გამოცდილება, კვლევები, ევიდენსი, რომელზეც დამყარებულია თეორიები, პრაქტიკული საქმიანობა და ა.შ. ამისთვის არსებობენ ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებმაც იციან, ეს როგორ გააკეთონ და უნდა გამოიყენონ ისინი. პრობლემას როგორც ებრძვიან, ვხედავთ”, - განმარტავს ექიმი-ნარკოლოგი.

“მაინტერესებს, ვინ დაისაჯა, გამოაქვეყნონ ინფორმაცია და სტატისტიკა, ამ 2000 რეალიზატორიდან ყველა წავიდა უვადო პატიმრობაზე, თუ ისევ გამოვიდნენ საპროცესო გარიგებით? ხომ ამბობენ, ამდენი დავაკავეთო, გაგვაგებინონ, აქედან რამდენს მიესაჯა 20 წელი ან უვადო პატიმრობა, ეს ყველაფერი ხომ ციფრებია? აუცილებელია შავი ბაზრის კვლევა. თუ აღმოჩნდა, რომ ჭარბობს ისეთი ტიპის ნარკოტიკები, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას, ეს ნიშნავს ბევრ დაავადებულ ადამიანს. მაგალითად, თუ ოპიატია, მას გასართობად არავინ იკეთებს, ის დამოკიდებულ ადამიანს სჭირდება. როცა ადამიანი პროპორციულად მოიხმარს ოპიატს, უნდა იფიქრო, რა გააკეთო: უნდა გააფართოო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, მოახდინო გარკვეული ინტერვენცია, შექმნა ამბულატორიული მკურნალობის სქემები და ჰაიდლაინები, რომელიც გააიაფებს სტაციონარულ მკურნალობას და ა.შ. დღეს ამბულატორიული მკურნალობა შეუძლებელია, რადგან მასში ექიმები ვერ იყენებენ იმ პრეპარატებს, რომლებიც პაციენტს სჭირდება”, - ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

“თუ აღმოჩნდება, რომ კოკაინი დიდი რაოდენობითაა, გამოდის, ადამიანების დიდი რაოდენობა მოიხმარს კოკაინს, რაც თავისთავად უფრო ართულებს სიტუაციას - კოკაინის მომხმარებელიც ხდება დამოკიდებული, რაც იწვევს ძალიან მძიმე ქცევით და ფსიქიკურ აშლილობებს. შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა ტიპის სერვისი, ფსიქოთერაპიული დახმარება, ნარკოლოგების კონსულტაცია და ა.შ. როდესაც ხედავ, რომ დიდი რაოდენობით “პრეგაბალინის” მოხმარებაა, გამოიყვანე ეს ადამიანები სინათლეზე, უთხარი, ვინც ხართ მასზე დამოკიდებული, ვინც არასამედიცინო მიზნით მოიხმართ ამ საშუალებას, მოდით ჩემთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევძლებ თქვენს დახმარებას, შავ ბაზარზე არ მოგიწევთ მისი ყიდვა, ვეცდები, მოვახდინო დიაგნოსტირება, შეგამცირებინოთ დოზა, ჩავანაცვლოთ სხვა პრეპარატებით, ჩაგიტაროთ მკურნალობა, რომ აღარ იყოთ დამოკიდებული. თუ სტიმულატორები აღმოჩნდა, სულ სხვა ტიპის დახმარებაა საჭირო და ა.შ. - ანუ ყველა ქმედებას სჭირდება უკუქმედება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“თუ ხედავ, რომ დიდი რაოდენობის ნარკოტიკებია ქვეყანაში და ფართო მოხმარებაა, ძალიან სწრაფად უნდა დაგეგმო შესაბამისი სერვისების განვითარება. სახელმწიფო ახალს არაფერს აკეთებს - ერთადერთი სავალდებულო მკურნალობაა, რომელიც უაზრობაა. მათ უნდათ ეს პრობლემა 20-ადგილიანი სავალდებულო მკურნალობით გადაჭრან. სავალდებულო მკურნალობაში ამხელა თანხის გადახდა შედეგის მომტანი არ არის, უბრალოდ, გარკვეული პერიოდით ადამიანების გაქრობაა მხედველობის არიდან, ვინაიდან ვინც იქიდან დაბრუნდება, მათი ძალიან დიდი პროცენტი კვლავ გააგრძელებს მოხმარებას. ჰაიდლაინიც კი არ დევს, ამ მკურნალობის დროს რას აპირებენ, რა ხდება, რა პროტოკოლია, რა შედეგს ველოდებით. ყველაფერი ციფრებია _ რამდენმა კაცმა გაიარა, რა პრობლემა იყო, ხომ უნდა გვითხრან, იქნება კარგად აკეთებენ ყველაფერს და ეს პრობლემა მოგვარებულია? მკვეთრად უნდა გაფართოვდეს ზიანის შემცირების პროგრამები, უნდა ხდებოდეს შავი ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ნივთიერებების ანალიზი (დღეს სახელმწიფომ არც იცის, რა ტრიალებს ქვეყანაში). აუცილებელია ამბულატორიული და ჩანაცვლებითი თერაპიის რეალური ხელმისაწვდომობა. უნდა შეწყდეს სავალდებულო მკურნალობის იმიტაცია, ეს არ ამცირებს მოთხოვნას, არ ამცირებს სიკვდილიანობას და არ მუშაობს _ ფაქტია”, - დასძენს ზურაბ სიხარულიძე.

სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა