გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - საკმაოდ მძიმე მუხლებია, საერთაშორისო ინსტანციებიც მოუწევს - რატომ წამართვეს პასპორტი? რათა აჩვენონ, რომ კიდევ შეუძლიათ წამება და წვალება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. საბოტაჟის საქმე მძიმე მუხლებს მოიცავს და, მისი შეფასებით, საკითხით საერთაშორისო ინსტანციებსაც მოუწევთ დაინტერესება.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

რაც შეეხება მისთვის პასპორტის ჩამორთმევას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძისთვის პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მის მიმართაც იქნებოდა მიღებული. ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, სასამართლოში გამოცხადდა და ქვეყნის დატოვებას არ აპირებდა.

მისი განმარტებით, პასპორტის ჩამორთმევა მიზნად ისახავს ზეწოლასა და დამატებითი პრობლემების შექმნას.

„სხვა ტიპის საქმეა, საკმაოდ მძიმე მუხლებია, აქედან გამომდინარე, ამ საქმეს საერთაშორისო ინსტანციებიც მოუწევს. ყველამ ვიცოდით, რომ მოსამართლე მაინც დააკმაყოფილებდა პროკურატურის მოთხოვნას. ამ რეალობაში ვცხოვრობთ. როდესაც უსამართლობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის, როდესაც არ გაქვს მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება მოსამართლემ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ვიდრე პროკურატურას უნდა. სამართლიანობა არის პროცედურა და არა უბრალოდ სიტყვა, რომლის მიმართ უნდა მქონდეს ნდობა, სამწუხაროდ, ნდობა დღეს არ არის. ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება ქვეყანაში.

ვიცოდი, რომ ზურას (გირჩი ჯაფარიძე) პასპორტი ჩამოართვეს და მეც რომ ჩამომართმევდნენ. სანამ შევიდოდი ვიცოდი, რომ 100%-ით დააკმაყოფილებდნენ (პროკურატურის მოთხოვნა). არ გავიქეცი, არ წავედი, მოვედი სასამართლოში. რატომ წამართვეს პასპორტი? იმიტომ, რომ აჩვენონ, რომ კიდევ შეუძლიათ წამება და წვალება. ადამიანისთვის პირადობის წართმევა არ შეიძლება, რადგან ის არ არის გადაადგილებისთვის. ამას მოსამართლეს იმიტომ ვესაუბრებოდი, რომ პირადობის შექმნაზე და ამ კანონებზე მე ვმუშაობდი“, - აცხადებს ვაშაძე და დასძენს, რომ გირაოს გადახდას უძრავი ქონებით უზრუნველყოფს, როგორც ეს წინა საქმეშიც მოხდა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება სწორად მიაჩნია.

„გიარაოს გადახდას უძრავი ქონებით უზრუნველყოფას გავაკეთებ. როგორც წინა საქმის შემთხვევაში იყო, რადგან ასე მიმაჩნია სწორი“,- განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე