გიორგი სიორიძე აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების ვიზიტზე - ისინი მაღალი რანგის არიან და ზეგავლენას ახდენენ აშშ-ის პოლიტიკაზე, ასევე, ვიზიტის შედეგად კონგრესმენებთან დაამყარებენ კომუნიკაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს

ესენი არიან ადმინისტრაციის ძალიან მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ამერიკის პოლიტიკის შემუშავებაზე, მათ შორის, ისინი ამ ვიზიტის შედეგად თვითონ კონგრესმენებთან დაამყარებენ ისეთ კომუნიკაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები კოალიციის ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესაც შეხვდებიან, რომელიც, თავის მხრივ, მათთან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.

„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის დელეგაცია, მასში თუნდაც არ შედიოდნენ კონგრესმენები, არიან ადმინისტრაციის ძალიან მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ამერიკის პოლიტიკის შემუშავებაზე, მათ შორის, ისინი ამ ვიზიტის შედეგად თვითონ კონგრესმენებთან დაამყარებენ ისეთ კომუნიკაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ხვდებიან ოპოზიციის ლიდერებს. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც შეხვდება მათ და, ბუნებრივია, მოახსენებს იმ ვითარების შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაში არის.

ეს საუბარი გაიმართება დახურულ კარს მიღმა და ასეთი ტიპის ვიზიტები არ შუქდება ხოლმე შინაარსობრივად დეტალებში, თუმცა არაფერი არ არის აქ განსაკუთრებული საიდუმლოს შემცველი. ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ვითარება არის კატასტროფულად დამძიმებული როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც”, - განაცხადა სიორიძემ.

მან ასევე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და აღნიშნა, რომ კორუფციაში ბრალდებულებს სხვადასხვა აღკვეთის ღონისძიება ეფარდება, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ ითანამშრომლებს და ვინ როგორ გასწირავს ყოფილ თანაგუნდელებს.

„პროკურატურას არანაირი მიდგომები არ გააჩნია. პროკურატურა, ისევე, როგორც სასამართლო, არის კონკრეტული ნების აღმასრულებელი, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს, მით უმეტეს ასეთი მასშტაბის საქმეებში. ფორმალური სამართალიც კი შერჩევითი აქვთ - ღარიბაშვილთან მიმართებაში გვახსოვს, როგორი იყო… ლილუაშვილთან მიმართებაში როგორი იყო. ამ კორუფციული ჯაჭვის სხვა შემადგენელი რგოლები სად არის, საზოგადოებისთვის უცნობია. ღარიბაშვილი თუ იყო დამნაშავე, მაშინ ის ვისი მეშვეობითაც ათეთრებდა ფულს, ეს საერთოდ არ არის ზედაპირზე.

უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, ვინ როგორ ითანამშრომლებს, ვინ როგორ გაწირავს თავის ყოფილ თანაგუნდელებს და დაეხმარება სხვების მიმართ შურისძიების განხორციელებაში”, - განაცხადა სიორიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დებატებთან დაკავშირებული განცხადებაც შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებად მხოლოდ მათ აღიარებს, ვინც არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს.

„ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის აღიარება და კონსტიტუციური წესრიგის აღიარება, ეს არა თუ ერთი და იგივე რამ არ არის, არამედ ორი განსხვავებული პოზიციაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს, “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, რომელიც კონსტიტუციური სივრციდან გავიდა, 2024 წელს არჩევნები მიიტაცა, ძალაუფლება მიიტაცა, შეკრიბა ეს თავყრილობა, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს რომ ეძახის კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მოწვევის აქტის დარღვევით. საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, ის ყველა ინსტანცია და პროცედურული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, პრაქტიკულად, თავზე დაგვახია. საერთოდ, კონსტიტუციური წყობილება იმდენად გამოიყვანა მწყობრიდან, რომ იმისი დაბრუნება და უკუქცევაც კი შეუძლებელია და ჩვენ გვდებს ბრალს, კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებთო.

ახლა ამას „ქართული ოცნება” რომ კრიტერიუმად აყენებს, ეს არის უბრალოდ კიდევ ერთი პროპაგანდისტული და პოპულისტური ხრიკი. მადუროს რომ ეთქვა, ვინც მე არ მაღიარებს, არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგსო, იგივე იქნებოდა, რაც არის „ქართული ოცნების” შემთხვევაში. ამ კრიტერიუმით რომ აპირებენ ოპონენტების შერჩევას, ძალიან დიდი ბოდიში, სოზარ სუბარი თუ უნდათ რომ დაუჯდეს და გურამ მაჭარაშვილი, არ ვიცი, რამდენად სასაცილო იქნება, სატირალია ისედაც.

რაც შეეხება დებატებს, ბუნებრივია, შინაარსობრივ საკითხებზე, რაც არის პოლიტპატიმრების არსებობა, საგარეო კურსის ცვლილება, მიტაცებული არჩევნები, ქიმიური მოწამვლის საქმე, არაბული ინვესტიციები, პარტიების აკრძალვა, რუსული კანონებო - ამ თემაზე ნებისმიერ დროს ვინც არ უნდა გამოგზავნონ “ქართული ოცნებიდან”, თავმოყვარე ოპოზიციონერი დებატებში გაანადგურებს”, - განაცხადა სიორიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა