გივი მიქანაძე - პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს საკითხებს, რომლითაც პირველკლასელთა ასაკი იქნება 6 წელი, მე-11 კლასში კი რეპეტიტორიუმი შეიქმნება - ასევე, 2028 წლისთვის დასრულდება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე მუშაობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების აღსრულება აქტიურ ფაზაში გადადის.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურების მასშტაბური რეფორმები, რომელთა კონცეფციები საჯარო განხილვების შემდეგ მთავრობის დადგენილები დამტკიცდა. გადავდივართ მათი აღსრულების აქტიურ ფაზაში.

პირველი ეტაპი მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას.

წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარედგინა პარლამენტს და მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული.

ზოგადი განათლების საფეხური: მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით. ბავშვის 1-ელ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილებები ამოქმედდება 2026 -2027 სასწავლო წლისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის“,- აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.

ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ამასთან, მისი თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის