თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ. მოხდა ამ მტკიცებულების დასაშვებად ცნობა. სასამართლო პროცესების შემდგომ ეტაპზე აქტიურად დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რომელიმე დაკავებულის მიმართ ბრალის დამძიმება, პროკურორმა განმარტა, რომ ეს დამოკიდებული იქნება მტკიცებულებებზე, რომლის შეფასების შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

„გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული საქმიდან გამოყოფილია საქმე და ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება. მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება სხვა პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხს, პროკურორმა განმარტა, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„აქტიურად ვართ თანამშრომლობაში დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან. შესაბამისად, ხდება ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვება“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში