ლევან სანიკიძე - დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის დაქოქილი მანქანა სალომე ზურაბიშვილთან მივა, ცოტა ადრე უნდა ეჯავრა, როცა მისი კოლეგა უსამართლოდ ზის ციხეში

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის დაქოქილი მანქანა, ადრე თუ გვიან, სალომე ზურაბიშვილთან მივა - სადაც მიშას პატიმრობა გასდის, ყველას პატიმრობა გაუვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას: „ადგილი აქვს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ექსტრემისტულ გამოვლინებას! - გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო მეფე, ჩვენ გვყავს ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტია“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე სოლიდარობა უნდა გამოეცხადებინა მიხეილ სააკაშვილისთვის და „ხმა უნდა ამოეღო“.

„სადაც მიხეილ სააკაშვილი ზის „პიჯაკების საქმესთან“ დაკავშირებით, „რედბული“ რომ უყიდა ჰილარი კლინტონს, რატომ არ შეიძლება ციხეში სალომე ზურაბიშვილიც გაუშვას. სადაც მიშას პატიმრობა გასდის, ყველას პატიმრობა გაუვა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის. მე ყველას მიმართ სოლიდარული ვარ, ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება ქვეყანაში, მაგრამ საპირისპიროდ ასეთ ამბავს ვერ ვხედავ. მე მგონი, სალომე ზურაბიშვილს ცოტა ადრე უნდა ეჯავრა, როცა მისი კოლეგა უსამართლოდ ზის ციხეში. ამოიღო რამეზე ხმა? შეიწყალა? ივანიშვილის დაქოქილი მანქანა ადრე თუ გვიან რომ სალომე ზურაბიშვილთან მივა, დარწმუნებული ვარ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვერ ხედავდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაასამართლა სანქცირებულმა მოსამართლეებმა? ივანიშვილის გარჩევა არ აქვს მისიანის და სხვისიანის, ყოფილის თუ მოქმედის, ყველასთან მივა. შერჩევითი სოლიდარობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, პოლიტიკური ჩამორჩენილობის მაჩვენებელია“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძე გადაცემაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

სანიკიძის თქმით, აღნიშნულ რეფორმას სავარაუდოდ სამი მიზანი აქვს: პირველი - ლექტორები, რომლებიც მათი მხარდამჭერები არ არიან, ყველა სამსახურიდან გაუშვან; მეორე - კიდევ უფრო მეტი კონტროლი დაამყარონ სტუდენტებზე და მესამე - უნივერსიტეტების საკუთრებაში მყოფი შენობები „ქოც დეველოპერებს“ გადასცენ.

„ეს გაერთიანება არავითარ განათლების რეფორმას არ ემსახურება, ეს არის სახელისუფლებო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც არის, რომ კიდევ უფრო მოკლას თავისუფალი სული, თუკი დარჩენილია. მე რასაც ვუსმენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას, ცოტა მრცხვენია. კიდევ ივანიშვილს ეხვეწებიან, რომ თქვენიანები ვართ, მაგრამ როგორ ცუდად იქცევა თქვენი ირაკლი [კობახიძე] . უნივერსიტეტმა რა დააშავა, თორემ ამ პროფესორებს მეტი ეკუთვნის. ორივე უნივერსიტეტის პროფესურის ნაწილი არის ძალიან ღირსეული, მაგრამ განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესურის უმრავლესობა არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, მათ სტუდენტებს სახის ძვლები რომ დაულეწეს, ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ ახლა სამსახურის დაკარგვის პრობლემა რომ უდგებათ, გამოვარდნენ ქუჩაში. რუსთაველის გამზირზე რომ ძვლებში გვშლიდნენ, მაშინ არ ახსოვდათ, მაგრამ ახლა ალბათ სამსახურს დაკარგავს ზოგიერთ „ქოცი“ პროფესორი და ისევ ღია წერილით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს. მინდა გითხრათ: ბიძინა ივანიშვილი გხურავთ, ჩემო კარგებო, ეჭვი არ შეგეპაროთ. რამდენიმე მიზეზია: ვინც კი წესიერი პროფესორია, ყველა სამსახურიდან გაუშვან, მეორე, კიდევ უფრო მეტი კონტროლი დაამყარონ სტუდენტებზე, მესამე, ამ უნივერსიტეტებს აქვთ უძრავი ქონება თბილისის ცენტრში და როდესაც შემცირდება სტუდენტების რაოდენობა, ამ შენობებს მიცემენ „ქოც დეველოპერებს", ამ მიზნებს ვხედავ.

თუ ამ ხელისუფლებას უნდოდა განათლების რეფორმა, მინიმუმ არ უნდა დაესვათ პრეზიდენტად კაცი, რომელიც ნამყოფი არ არის უნივერსიტეტში. განათლების რეფორმა დაიწყონ იმით, რომ იქნებ წლევანდელ აბიტურიენტებს მიხეილ ყაველაშვილი შეუერთდეს და ჩააბაროს რომელიმე უნივერსიტეტში, იქნებ ეს პერიოდი უფრო ნაყოფიერად გამოიყენოს და რაღაც ცოდნა მიიღოს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები