პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების ირგვლივ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, ჩვენს ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვისაა მნიშვნელოვანი.
მისი თქმით, ამ მიზნით პარლამენტის მიერ პირველი მოსმენის ფარგლებში პრინციპების დონეზე კანონპროექტი მიღებულია, ხოლო მეორე მოსმენის ფარგლებში უშუალოდ ნორმის ფორმულირება იქნება მსჯელობის საგანი.
„გერმანიაში, რომლის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის, კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა იკრძალება, სადაც დაახლოებით 20 000 ადამიანი იყო გაერთიანებული. მისი ხელმძღვანელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგა. ზუსტად ამ ქმედებებისთვის საქართველოში მნიშვნელოვანია არსებობდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა, რათა ჩვენმა ქვეყანამ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ისევ სუვერენიტეტი იყოს უზრუნველყოფილი და გარედან ჩარევები მინიმუმამდე დავიდეს, მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილებები ჩვენს საკანონმდებლო სივრცეშიც აისახოს, რომელიც უკვე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენის ფარგლებში პრინციპების დონეზე მიღებულია, ხოლო მეორე მოსმენის ფარგლებში უშუალოდ ნორმის ფორმულირება იქნება მსჯელობის საგანი და მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტში მხარს დაუჭერს იმ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვის”, - განაცხადა გორდულაძემ.
კითხვაზე, რამდენად შეეხება დაგეგმილი ცვლილება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გორდულაძემ უპასუხა, რომ ზურაბიშვილი აქტუალური აღარ არის.
„სალომე ზურაბიშვილი აქტუალური საერთოდ აღარ არის. ეს ის ადამიანია, რომელიც, მისმა გარეპატრონებმა სცადეს, ქვეყანაში, როგორც დაპირისპირების ერთ-ერთი საშუალება, ისე გამოეყენებინათ. გვახსოვს, რომ ეს ადამიანი 4 ოქტომბერს იდგა და ელოდებოდა როდის აიღებდნენ პრეზიდენტის შენობას და ის თავისი “ლეგიტიმაციით” უკან დაბრუნდებოდა. საერთოდ არარელევანტურია სალომე ზურაბიშვილი - ის არის ერთი გაჭრილი კარტი, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ შემადგენელ, მაგრამ არცთუ ისე მნიშვნელოვან ჭანჭიკად არის გადაქცეული.
კანონმდებლობა კი მნიშვნელოვანია, ზუსტად იმავე ფორმით და მიზნით არსებობდეს, როგორც გერმანიაში. ასევე, იმავე კუთხით იყოს ზღვარი გავლებული ერთი მხრივ პერფორმანსს და მეორე მხრივ, დანაშაულს შორის”, - განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, კანონით განისაზღვროს და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ. გორდულაძემ აღნიშნული განცხადებით, პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატ ლევან მაჭავარიანს უპასუხა, რომელმაც სესიაზე დასვა კითხვა, ხომ არ უნდა იფიქროს პარლამენტმა რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებენ ანალოგიური ქმედებებისკენ.