პეტერ ფიშერი - „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისიის სამუშაო არეალი ვრცელია და მოიცავს როგორც 2024, ისე 2025 წლის დემონსტრაციებს - ყველა ტყუის: ეუთო ტყუის, გაერო ტყუის, ევროპის საბჭო ტყუის, ევროკავშირი ტყუის? ეს შესაძლებელია?

გერმანია უკვე ამბობს, რომ საქართველოს მიერ ხდება ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დემონსტრაციებთან დაკავშირებით, როგორც 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში. უნდა ვნახოთ, რას იტყვის ეუთო, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს თავისი წესებით მონაწილე ქვეყნებთან ერთად, თუმცა სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა გქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ელჩის განმარტებით, ექსპერტთა მისიის სამუშაო არეალი ვრცელია და ის ასევე ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციებს, ისევე როგორც 2025 წელს განვითარებულ მოვლენებს.

„საქართველო ეუთოს მონაწილე სახელმწიფოა და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობას თან ახლავს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანამ, საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, ხელი მოაწერა და ვალდებულება აიღო, დაეცვა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური უფლებები. ეუთოს ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეთა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური უფლებები არის საკვანძო მშვიდობისთვის, სამართლიანობისთვის, კეთილდღეობისა და მეგობრული ურთიერთობებისთვის მონაწილე ქვეყნებს შორის. ეს არის ეუთოს შეთანხმების შავით თეთრზე დაწერილი ტექსტი. ეუთოს არსი მდგომარეობს მშვიდობიან სამყაროში თანამშრომლობაში და ყველა მონაწილე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეთანხმდა, ასევე შავით თეთრზე დაწერილი ტექსტით, რომ „ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური უფლებები წარმოადგენს ყველა მონაწილე სახელმწიფოს უშუალო საზრუნავს და არ მიეკუთვნება საერთაშორისო ურთიერთობების ექსკლუზიურ სფეროს“. ეს არის თამაშის წესები - თუ ხარ ორგანიზაციის წევრი, ხელს აწერ ამას, შესაძლოა, ელოდო და უნდა ელოდო კიდეც, რომ შენი შეფასება მოხდება იმავე წესებით, რომელსაც ხელი მოაწერე. რაც შეეხება პროცედურას, 2024 წლის დეკემბერში ეუთოს მონაწილე ქვეყნებმა აამოქმედეს „ვენის მექანიზმი“, საქართველომ ამას უპასუხა, რაც არ იყო დამაკმაყოფილებელი და შემდეგ, ახლა, იანვარში ჩვენ ავამუშავეთ „მოსკოვის მექანიზმი“, 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეუთო დანიშნავს ექსპერტთა მისიას, რათა ჩამოვიდნენ საქართველოში, დაადგინონ ფაქტები, გასცენ რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები გაეგზავნება მონაწილე ქვეყნებს განსახილველად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს პოზიცია რეკომენდაციების შესაბამისად და შემდეგ ის გაეგზავნება ეუთოს მუდმივ საბჭოს შემდგომი ქმედებებისთვის. ექსპერტთა მისიის არეალი საკმაოდ ვრცელია, ყველაფერი შავით თეთრზე არის დაწერილი, ყველაფრის წაკითხვა შეიძლება და არ არის საჭირო რაიმეს წარმოდგენა ან სპეკულირება. ეს ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ უფლებებს, კანონის უზენაესობას საქართველოში. ეს მოიცავს დემონსტრაციებს როგორც 2024 წელს, ასევე ადრეულ 2025 წელს. საქართველომ ეუთოში გაწევრიანებას მოაწერა ხელი, საქართველო არის გაეროს წევრი, გაეროს აქვს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და სხვა ინსტრუმენტები, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, რასაც ხელი მოაწერა საკუთარი ნებით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას, ასოცირების ხელშეკრულებას ასევე აქვს პრეამბულა და ზოგადი პრინციპები, რაც ეხება ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას და ასევე, საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. საქართველომ ხელი მოაწერა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ასევე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და საბოლოოდ, საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში წევრობაზე და ევროკავშირი არის სივრცე მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის და ახლა რა მოხდა?! საქართველომ მიიღო ძალიან მწვავე შეფასება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველო ახლა არ მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო დგას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის სანქციების საფრთხის წინაშე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოსთვის. ყველა ტყუის - ეუთო ტყუის, გაერო ტყუის, ევროპის საბჭო ტყუის და ევროკავშირი ტყუის და არ არის სამართლიანი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. ეს შესაძლებელია?“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გერმანიის ელჩთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ. ინტერვიუს ვიდეოვერსიის გაცნობა შეგეძლებათ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში