ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სანდრო წივწივაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სანდრო წივწივაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

ხუსკივაძემ წივწივაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დაკავებული წარდგენილ ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. კერძოდ კი, სანდრო წივწივაძეს ედავებოდნენ, რომ იარაღი, რომლითაც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გელა უძილაურმა სასიკვდილოდ დაჭრა ლევან ჯანგველაძე და ასევე, ესროლა მის მძღოლს, გია ჩადუნელს, წარსულში სწორედ წივწივაძეზე იყო რეგისტრირებული. ასევე, მას გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებოდნენ.

მოსამართლე ხუსკივაძის განმარტებით, გადაწყვეტილება რთულად მიიღო და ემოციურადაც მარტივი არ იყო.

„სასამართლომ ემოციები გვერდით უნდა გადადოს და მტკიცებულებებით იმსჯელოს...", - განაცხადა ხუსკივაძემ.

განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა სანდრო წივწივაძემ.

„მე მგონი, თვითონ ბატონმა ლევანმაც[პროკურორი ვეფხვაძე] არ იცის რატომ ვარ ციხეში. ბავშვობიდან მიყვარს იარაღი და დღეს განსასჯელის სკამზე იმიტომ ვარ, რომ იარაღის მიმართ მაქვს ჰობი, ისე როგორც, შეიძლება ადამიანს მანქანა უყვარდეს. 28 წლის კაცი ვარ, ჩემი იარაღით ნასამართლევი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. იმის გამო, რომ 2020 წელს განვაცხადე ჩემს სახელზე რეგისტრირებული იარაღების დაკარგვის შესახებ, ბრალდებული აღმოვჩნდი. მესმის, ამხელა მკვლელობაა მომხდარი, ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ არ ყოფილა ფაქტი, რომელიმე სტრუქტურას გამოვეძახებინე და არ მივსულიყავი. საქმის მასალებში რაც დევს, საერთოდ გასაკვირია, 4 თვე საერთოდ უძილაურზე ვიყავი დაკავებული, თურმე, ჩემი იარაღი ჰქონია უძილაურს და დამაკავეს. ადრეც ვთქვი, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ლევან ჯანგველაძე იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა, როცა პიროვნულად მართალი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო. ჯანგველაძე ვიცოდი, ღირსეული კაცი იყო და ბევრი საქმე ჰქონდა გაკეთებული, რაც ჩემში სიმპათიას იმსახურებდა, ეს ამბავი რომ გავიგე, შოკირებული ვიყავი.

სრულიად უდანაშაულო ადამიანი ვარ აქ, ინტელექტის დონე ისეთი დაბალი არ მაქვს, რომ ჩემს სახელზე გაფორმებული იარაღი გელა უძილაურისთვის, ან ჯოხაძისთვის მიმეცა...

იარაღი სადაა?...ბათუმში დევს ვიღაცასთან უჯრაში. დანარჩენი იარაღი სადაა? რამე რომ მოხდეს კიდევ, მე უნდა მომადგნენ? 6 წლის წინ განვაცხადე დაკარგვაზე.

ადამიანს მანქანა რომ მოპარონ, განაცხადოს, ის მანქანა ვინმეს რომ დაეჯახოს და პატრონი დაიჭირონ, ასეთ ამბავში ვარ მოყოლილი...“ - განაცხადა სანდრო წივწივაძემ.

ცნობისთვის, სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

რაც შეეხება მთლიანად საქმეს, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც სანდრო წივწივაძის გარდა, დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი. ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ - ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ