გიგა ფარულავა - „ქართული ოცნების“ წევრებს უნდათ, ნებისმიერი ტიპის სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას

მათ [„ქართული ოცნების“ წევრებს] რეალურად უნდათ ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას და ის კომპლექსები, რაც მათ აქვთ არაღიარება-აღიარების ნაწილში, გამოაცხადონ დანაშაულად, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი გამჭვირვალობას არ ემსახურება.

„გამჭვირვალობასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს კანონპროექტი ნამდვილად არ ემსახურება გამჭვირვალობას. ის სულ სხვა მიზნით და იდეით არის ინიცირებული. ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ზღუდავს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის უფლებას. გრანტების - თვითონ ტერმინის დეფინიციის მიზანმიმართული და ხელოვნური გაფართოება, ერთი მხრივ, გრანტების კრიმინალიზაციას ახდენს, მეორე მხრივ, გრანტების მიღება მთავრობის ნებართვაზე იქნება დამოკიდებული. ასევე, გრანტის მიღება დანაშაულად შეიძლება შეირაცხოს და დანაშაულის ჩამდენ პირად შეიძლება ნებისმიერი რიგითი მოქალაქე იქცეს - მოქალაქე, რომელსაც აქამდე საერთოდ არ ჰქონია გრანტთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხება. ჩვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვთ. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება.

რაც შეეხება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ ცვლილებას, ეს არის „ოცნების“ შიშებით განპირობებული. ამით მათ რეალურად უნდათ ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას და ის კომპლექსები, რაც მათ აქვთ აღიარება-არაღიარების ნაწილში, გამოაცხადონ დანაშაულად. სხვა მეტი არაფერია. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად აღარ უკვირთ მსგავსი რეპრესიული ტიპის კანონები, რომელსაც უკვე ბოლო წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 16 თებერვლის სხდომაზე გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

საუბარია 7 კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.

ამ მიმართულებით ცვლილებები შემდეგ კანონებში ხორციელდება: - “გრანტების შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.

"გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით "გრანტის" ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის