„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „რეპრესიულს“ უწოდებს დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, ასევე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული.
დეკანოიძის თქმით, ძლიერ ხელისუფლებას არ სჭირდება მსგავსი კანონები, დღევანდელი ხელისუფლება კი ხელისუფლების წყაროს - ხალხის დაპატიმრებას აპირებს.
„[ცვლილებები] გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სენსიტიური, მგრძნობიარე, ძალიან მტკივნეული თემა არის ლეგიტიმაცია. ბიძინა ივანიშვილის ახირება, „ფეხების ბაკუნი“, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით - მაღიარეთ - ეუბნება ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, მრავალრიცხოვან ადამიანებს, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ არჩევნებში ამ ადამიანებმა ვერ დაინახეს შედეგი და ხმის ნების გამოხატულება, რაც მათ დააფიქსირეს, რა თქმა უნდა, არჩევნები არ არის მისაღები და მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის. მეორე მხრივ, მისი ახირება და ფეხების ბაკუნი არის საერთაშორისო აქტორებზე გათვლილი, ყველას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ეუბნება: რატომ არ გინდათ, რომ მაღიაროთ. რა თქმა უნდა, ამ კანონის აღსრულების პრინციპი ასე [მარტივად] ვერ მოხდება, რადგან წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი ჩასვა და გაუშვა ციხეში. დაუშვებელია. ჯერ ერთი, ძლიერ ხელისუფლებას ასეთი კანონები არ სჭირდება. ტყუილზე დაფუძნებული ავტოკრატიის მთავარი საზომი რა არის, რომ ყველა ორშაბათს გამოიტანონ ის, რაც თითქოს ხალხის შესაშინებლად იქნება, რომ „ჩვენ ძლიერი ვართ“. ამ დროს ძლიერ ძალაუფლებას არ სჭირდება არც ოპონენტების დასჯა, არც ციხეში ჩაყრა და მსგავსი კანონმდებლობის მიღება. ყველა ძალაუფლების წყარო არის ხელისუფლებისთვის ხალხი, ე.ი. ამ ხალხს უპირებენ დაპატიმრებას და ციხეში ჩაგდებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ხარტია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებზე და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს ევროატლანტიკურ მომავალზე საბოლოოდ თქვას უარი.
„ეს გადაცემებიც ამის დასტურია, ეს არის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმა, საითკენაც მიდის „ქართული ოცნება“. მიუხედავად იმისა, გეოსტრატეგიული ფანჯრის ამოქოლვას დიდი ხანია ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, ოფიციალურად მათ არ განუცხადებიათ, რომ „ჩვენ ვხურავთ არ გვინდა ევროკავშირი“, დღეს კობახიძის ძალიან კონკრეტული გზავნილი იყო, რომ ჩვენ არგუმენტები გვჭირდება, რომ ევროკავშირი კარგია თუ ცუდი“, - განაცხადა დეკანოიძემ.