BTU-ს სტუდენტური სტარტაპები ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კონკურსის ფინალისტები გახდნენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისმა BTU მიიწვია, როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორი მათ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სტარტაპ კონკურსში.

პროექტი GW Global Food Institute-თან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს იმ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას, რომლებიც ტექნოლოგიური გადაწყვეტებით სურსათის უვნებლობას, კვებით ღირებულებასა და მდგრადობას აუმჯობესებენ. კონკურსი ფოკუსირებულია საკვებისა და სასმლის წარმოების, შენახვის, დისტრიბუციისა და უტილიზაციის პროცესების სრულ ტრანსფორმაციაზე.

წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩევა:

  • პირველ ეტაპზე წარდგენილი იყო 215 გუნდის განაცხადი;
  • მონაწილეობდა 26 უნივერსიტეტი 11 ქვეყნიდან;
  • მეორე რაუნდში მხოლოდ 10 საუკეთესო გუნდი გადავიდა, რომელთაგან 3 გუნდი BTU-ს წარმოადგენს.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის სამთვიანი პროგრამა ფინალისტებს სთავაზობს ამერიკელი ექსპერტების მენტორობას, ონლაინ ტრენინგებსა და წვდომას საერთაშორისო ქსელებთან. დასკვნით ეტაპზე გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრიზები: 10,000, 7,500 და 5,000 აშშ დოლარი,

აქვე გაგაცნობთ ფინალისტ ქართულ სტარტაპებს:

AgroBridge - ციფრული აგრო პლატფორმა, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ფერმერებს რესტორნებთან, მაღაზიებსა და სხვა ბიზნესებთან. პლატფორმა უზრუნველყოფს პროდუქტის წარმოების გამჭვირვალობას, ფასების რეგულაციას და ლოგისტიკის გამარტივებას. სტარტაპის მიზანია, შეამცირონ შუამავლები, გაზარდონ ფერმერების შემოსავალი და გააძლიერონ ადგილობრივი აგრო ბაზარი. სტარტაპს წარმოადგენენ სტუდენტები საბა ზეინკლიშვილი, იაკო მურუსიძე, კატო მიქიაშვილი, ირაკლი ხონელიძე.

Bio Shield - ტექნოლოგია, რომელიც მეღვინეობის აგრო-ნარჩენებს ხილისა და ბოსტნეულისთვის განკუთვნილ ინოვაციურ, საკვებ ბიო-დამცავ გარსად გარდაქმნას. ნატურალური, ანტიოქსიდანტებით მდიდარი სპრეი პროდუქტის შენახვის ვადას 300%-მდე ზრდის, რაც ერთჯერადი პლასტმასისა და ქიმიური კონსერვანტების ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს. პროექტის მიზანია შექმნას ცირკულარული ეკონომიკის მასშტაბური მოდელი, რომელიც ადგილობრივ ნარჩენებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტად აქცევს. სტარტაპის ავტორია სტუდენტი შალვა იაშვილი.

ResQfood – პლატფორმა საკვების დანაკარგის შემცირებას ისახავს მიზნად. რესტორნები და კვების ობიექტები ჭარბ პროდუქციას მომხმარებლებს ფასდაკლებული „საიდუმლო ყუთების“ სახით სთავაზობენ. ეს მოდელი ბიზნესისთვის დამატებით შემოსავალს, ხოლო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ საკვებს ნიშნავს. სტარტაპს წარმოადგენენ ლუკა ლომინაძე და გიორგი სვანიძე.

როგორც BTU-ში აცხადებენ, ეს წარმატება არის მნიშვნელოვანი აღიარება BTU-ს სტუდენტებისთვის და კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებისკენ.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტსა და BTU-ს შორის პარტნიორობას საფუძველი ჩაეყარა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული და ამერიკული საბჭოების მიერ ადმინისტრირებული უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში.

(R)

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ