ნოდარ ხარშილაძე - აშშ-სთვის საქართველო აღარ არის პრიორიტეტული, რაშიც „ოცნების“ დამსახურება დიდია - რატომ უკვირთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ ელაპარაკებათ?

ამერიკისთვის საქართველო აღარ არის ისეთი პრიორიტეტული, როგორც ადრე იყო და ამაში „ქართული ოცნების“ დამსახურება საკმაოდ დიდია, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, აშშ-სთვის „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ცუდად იქცევა, არამედ მათთვის საქართველოში გაუგებარი სიტუაციაა, რადგან გაურკვეველია, ვინ მართავს ქვეყანას.

„რატომ უკვირთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ ელაპარაკებათ? - იმიტომ, რომ ლანძღავენ ტრამპის ადმინისტრაციას, ზაზა შათირიშვილის სახით და ტრამპის ადმინისტრაცია ამას მარტივად არ აღიქვამს, განსხვავებით ევროპისგან.... ტრამპი ძალიან განიცდის ასეთ რაღაცებს, არც ვენსია უთავმოყვარეო. თან ვინ ლანძღავს? მათი გადმოსახედიდან საკმაოდ განუვითარებელი ხელისუფლება”, - განაცხადა ხარშილაძემ.

ექსპერტის აზრით, საქართველო ახლა აფრიკული - მესამე დონის დიქტატურამდე მივიდა, მაშინ, როდესაც სხვა არსებულ დიქტატურებშიც კი გარკვეულია ძალის ცენტრი, ჩვენს ქვეყანაში კი, გაუგებარია.

„არ ვართ არც აზიური დიქტატურა, აზიური დიქტატურა არის სტრუქტურული. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც პარტიაზე იყო დაფუძნებული, ჯგუფზე. მესამე დონის დიქტატურა არის აფრიკული, როდესაც ვერ გაიგებ, ვინ ვინ არის. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, არეულია, ვერ გაიგებ ვინ მართავს - ასეთ დიქტატურაზე ჩამოვედით ჩვენც.

აზერბაიჯანი არის დიქტატურა, მაგრამ გასაგები დიქტატურაა - ალიევია, მისი მეუღლეა და გასაგებია, თუ დაინტერესდები, გაიგებ, ვისთან უნდა მიხვიდე. სომხეთშიც გასაგებია, არის ფაშინიანი, აქვს თავისი სტრუქტურა… მეტსაც გეტყვით, რუსეთშიც კი გასაგებია ყველაფერი: არის პუტინი და რამდენიმე ძალის ცენტრი მის ქვეშ სხვადასხვა მიმართულებით. აქ ვინ არის? ღარიბაშვილი ხომ გვეგონა ძალის ცენტრი? - ახლა ციხეშია. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ციხეშია. ახლა ამბობენ, კალაძეზე დაიწყეს ნადირობაო. მაშინ ვინ არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარდა? არა მარტო ცუდად ვიქცევით, არამედ გაუგებარია“ , - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ