თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაიხედება, ასევე მხარეები აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რის შემდეგაც საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს, კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, - აცხადებს პროკურატურა.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება