თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს

2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს.

როგორ გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, უნდა დასახელდნენ ის პირები, რომლებმაც თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

„გადავწყვიტეთ პროკურატურისთვის მიგვემართა, რადგან შოთაძემ [მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა] საქმე დახურა, ახლა რადგანაც შეიცვალა გენერალური პროკურორი და ნიკო კვარაცხელიასა და გიგა ავალიანის საქმეებს ნათელი მოჰფინა, საჭიროდ ჩავთვალე, რომ პროკურატურისთვის მიგვემართა, ასევე მოვითხოვ გაასაჯაროონ სხვადასხვა სოციალურ ქსელში [თამარის] ჩანაწერები. ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და მაინტერესებს, ხომ ამბობენ, რომ თვითმკვლელობა იყო, მაშინ გაასაჯაროონ და დაამტკიცონ. ამიტომ შევიტანე საჩივარი, რადგან თავის დროზე შოთაძემ მომატყუა.

გრიგოლ ლილუაშვილის [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი] „ქოლცენტრების“ მფარველობის ბრალით დაკავებამაც განაპირობა. როდესაც ვიძახდი, რომ ის კურირებდა „ქოლცენტრებს“, გვეუბნებოდნენ „როგორ შეიძლება ასეთ საქმეში იყოს გახვეულიო“ და აი, თუ არ ყოფილა!

რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, მოვითხოვთ, რომ გამოძიების ფარგლებში ისიც დაიკითხოს, რადგან მაშინ თვალებში მიყურებდა და მატყუებდა და საქმეს ფარცხავდა.

მე ახლა მაინტერესებს ახალი გენ-პროკურორის რეაქცია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჯერჯერობით პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ