სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასჯელის სახედ და ზომად გიორგი ჩიკვაიძეს - 9 წლით, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ 2022 წლის 10 სექტემბერს გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის მეშვეობით ხელშეკრულება გააფორმეს დაზარალებულ საწარმოსთან, 416 700 ევროს ღირებულების იახტის ნასყიდობის თაობაზე.

გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაზარალებულმა კომპანიამ მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოს ჩაურიცხა იახტის ღირებულების საფასური სრულად.

მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულებმა დაზარალებულ კომპანიას არ მიაწოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იახტა, ხოლო ჩარიცხულ თანხებს - 1 155 019 ლარს (416 700 ევროს ეკვივალენტი) მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პოპიაშვილი დამნაშავედ იქნენ ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და სასჯელის სახედ და ზომად გიორგი ჩიკვაიძეს - 9 წლით, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარეს მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმება არ შეუთავაზებია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ