ნიკა ჩერქეზიშვილი - რესურსის არქონა ოპოზიციის პრობლემა კი არა, „ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია, რომელმაც არჩევნები მიიტაცა და ქვეყანა ერთ პარტიაზე დამოკიდებულ სისტემად აქცია

რესურსის არქონა ოპოზიციის პრობლემა კი არა - „ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია, რომელმაც არჩევნები მიიტაცა და ქვეყანა ერთ პარტიაზე დამოკიდებულ სისტემად აქცია, - ამის შესახებ სოციალური ქსელში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ჩერქეზიშვილი წერს, რითაც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ოპოზიციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ხალხის რეალურ მხარდაჭერაზე საუბარი დამაჯერებელი მაშინ იქნება, როცა არჩევნები თანასწორ გარემოში ჩატარდება - ზეწოლისა და ადმინისტრაციული ჩარევის გარეშე.

„ქვეყნის ინტერესებზე საუბარი განსაკუთრებით ირონიულად ჟღერს იმ ადამიანისგან, რომლის მმართველობის პერიოდში თბილისი გადაიქცა მუდმივი საცობების, უკონტროლო მშენებლობებისა და უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობის ქალაქად.

ვინ ემსახურება საზოგადოებას და ვინ - არა, კახა კალაძემ იმ 145 000 თბილისელს ჰკითხოს, ვინც სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული სამუშაო ადგილების არარსებობის გამო;

იმ 10 000 ავარიული შენობის მცხოვრებლებს ჰკითხოს წლების განმავლობაში სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ რომ ცხოვრობენ მოხუც მშობლებსა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად;

იმ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჰკითხოს, სკოლები რომ დაუნგრიეს და აღარ აუშენეს;

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ჰკითხოს, საკვების ფული რომ მოჰპარეს თბილისის მერიის ჩინოვნიკებმა.

ბოლოს და ბოლოს მიუსაფარ ცხოველებს ჰკითხოს, პატრონი რომ არ გამოუჩნდათ მისი მერობის პირობებში.

რესურსის არქონა ოპოზიციის პრობლემა კი არა - "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია, რომელმაც არჩევნები მიიტაცა და ქვეყანა ერთ პარტიაზე დამოკიდებულ სისტემად აქცია.

ხალხის რეალურ მხარდაჭერაზე საუბარი დამაჯერებელი მაშინ იქნება, როცა არჩევნები თანასწორ გარემოში ჩატარდება - ზეწოლისა და ადმინისტრაციული ჩარევის გარეშე.

კახა კალაძე რესურსებზე ლაპარაკისას ისიც ავიწყდება, ამ არათანაბარ გარემოში ჩატარებული არჩევნების პირობებშიც კი, თბილისის მცხოვრებლების მხოლოდ 20%-ის მხარდაჭერით რომ გახდა თბილისის მერი.

საბოლოოდ კი, დღეს თუ ვინმეს რესურსი არ აქვს, ის უამრავი თბილისელია, ყოველდღიურად ფიზიკური გადარჩენისთვის რომ იბრძვის იმ ქალაქში, რომლის ბიუჯეტიც კორუფციამ შეჭამა”, - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციური პარტიები „ცალ-ცალკე იქნებიან, თუ ერთიან პლატფორმაზე, ბევრჯერ ვნახეთ შეკრებილებიც და დაშლილებიც, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ