ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხა

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მეკვლეობის ორგანიზების საქმეზე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოიკითხა.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის ის პირი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავა.

ადვოკატის განცხადებით, ქვაჭრელიშვილმა 5 წლის შემდეგ, თავად გადაწყვიტა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისთვის ჩვენება მიეცა.

რაც შეეხება თავად ქვაჭრელიშვილს, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. კერძოდ კი, ქვაჭრელიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქრთამის აღებას ედავებოდნენ.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, გამოკითხვა ჩაატარა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა.

როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, გამოძიებას უკვე გააჩნია დეტალური მონაცემები: მსჯავრდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიერ გადმოცემული სრული ვერსია, ლოკაციები, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ტერიტორია, სადაც დანაშაული იგეგმებოდა, ასევე იმ ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში წყნეთის პოლიციაში იმყოფებოდნენ.

„სახელები და გვარები ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წყნეთის პოლიციაში საათების განმავლობაში. საუბრების შინაარსი, რომელსაც ისმენდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მაღალი თანამდებობის პირებისგან. დამატებით ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის“,- წერს ადვოკატი.

ამასთან, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს მსჯავრდებულის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს.

წერილში ქვაჭრელიშვილი აღნიშნავს, რომ მზად არის სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სააპელაციო სასამართლოში შეეცდება.

მისი თქმით, იგი გამოძიებასთან ღიად თანამშრომლობს და მოითხოვს სწრაფ, სამართლიან მართლმსაჯულებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„მადლობა ყველას! ვგრძნობ თქვენს თანადგომასა და სიმართლის მხარეს ერთად ყოფნას.

კიდევ ერთხელ, საჯაროდ, კვარაცხელიების ოჯახს ვუდასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას სიმართლის პოვნის გზაზე. ყველამ უნდა ვიპოვოთ სამართალი, ადამიანებმა, რომლებიც წლების მანძილზე დაგვაზიანა კონკრეტულ პირთა ბოროტებამ და გავლენებმა.

ვარ მხნედ, ბოლომდე ბრძოლის განწყობაზე და დღეს ვცდილობ ჩემი სიმართლე სააპელაციო სასამართლოს დავუმტკიცო.

მესმის, რომ დღეს იმ ადამიანების სახელებისა და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე, არ არის უსაფრთხო, მაგრამ დღეს იმედი მაქვს ხალხის მხარდაჭერის და ობიექტური გამოძიების, რომელიც დაიცავს ყველა ირგვლივ მყოფი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მე ვსაუბრობ ღიად გამოძიებასთან, არაფერი მაქვს დასამალი და ვითხოვ - სწრაფ მართლმსაჯულებას, სამართლიანობასა და უსაფრთხოებას“,- წერს დიმიტრი ქვაჭრელიშვილი თავის წერილში, რომელსაც ციხიდან აგზავნის.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ