ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე - ეგონათ, რომ ძალები, რომლებიც გადატრიალებაში მხარს უჭერდნენ, პასუხისმგებლობიდან დაიხსნიდნენ, მაგრამ დაინახეს, რომ ხელისუფლება ზეწოლებს არ ექვემდებარება და გადაწყვიტეს, დანაშაული აღიარონ

რაღაც პერიოდი [დაკავებულ დემონსტრანტებს] ეგონათ, დასავლეთი, ის ძალები, რომლებიც მათ ამ გადატრიალებაში მხარს უჭერდნენ, პასუხისმგებლობიდან დაიხსნიდნენ, მაგრამ როცა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთი ტიპის ზეწოლებს არ ექვემდებარება, მათ გადაწყვიტეს, თავიანთი დანაშაული აღიარონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ის აღნიშნულით 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფოს მიზანი რეპრესიების გატარება არ არის.

„ალბათ, ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ. აქედან გამომდინარე არის გამოწვეული სწორედ მათი ეს მოთხოვნა. ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება, თუ ადამიანი ხედავს მის დანაშაულს და ინანიებს, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო მზად არის, შემხვედრი ნაბიჯები გადადგას.

მანამდე იმედი ჰქონდათ, ვინც თავის დროზე წააქეზა - ჩვენ გვახსოვს, რომ ამ რევოლუციის და გადატრიალების მესვეურები იყვნენ არამხოლოდ ქართველები, არამედ, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ დასავლეთიდან მოხდა ამ სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერა. ამიტომ რაღაც პერიოდი მათ ეგონათ, დასავლეთი, ის ძალები, რომლებიც მათ ამ გადატრიალებაში მხარს უჭერდნენ, პასუხისმგებლობიდან დაიხსნიდნენ, მაგრამ რომ დაინახეს, რომ ეს არარეალისტური იყო და საქართველოს ხელისუფლება ასეთი ტიპის ზეწოლებს არ ექვემდებარება, გადაწყვიტეს, რომ თავიანთი დანაშაული აღიარონ და მიმართონ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა