გიორგი კეპულაძე - როგორც ჩანს, „ოცნებამ“ მომხრეებშიც აღმოაჩინა, რომ უკმაყოფილოები არიან ფასებით და მთავრობამ ხომ უნდა აჩვენოს, რომ რამეს აკეთებს - კომისიების შექმნა არის ბაქი-ბუქი, ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ასწავლიან, რომ ამ გზებით ფასები არ მცირდება

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და საკუთარ მომხრეებშიც აღმოაჩინა, რომ უკმაყოფილოები არიან ფასების ზრდით და ახლა მთავრობამ ხომ უნდა აჩვენოს, რომ რაიმეს აკეთებს?! - ამის შესახებ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ სურსათის ფასებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, არც კონკურენცია და ხშირია გარიგებები, ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავრობა ფასების შემცირებას მოახერხებს“.

„სასურსათო ფასები არის ის თემა, რომელიც ყველას აწუხებს. ფასების ზრდის მიზეზები ძალიან ბევრია, რადგან საქართველო არის სარისკო ქვეყანა ინვესტიციებისთვის, შესაბამისად ის ბიზნესები, რომლებიც აქ შემოდიან, ცდილობენ, რომ თავისი საპროცენტო განაკვეთებითა და მარჟებით დააზღვიონ ეს რისკები იმისათვის, რომ მათ ოპერირებას ბაზარზე აზრი ჰქონდეს.

პროდუქტებზე ფასნამატის მიზეზი შეიძლება იყოს სუპერმარკეტების რაიმე მოთხოვნა, ასევე ფისკალური მიზეზი, როგორ მუშაობს მთავრობა, როგორია ბიუჯეტის ხარჯვა, ასევე ეროვნული ბანკი, თავისი მონეტარული პოლიტიკით. მაგრამ მთავრობას უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

მთავრობას შეუძლია, რომ ხელი შეუწყოს კონკურენციის ზრდას. როდესაც რაიმე პროდუქტის იმპორტიორი 3 კომპანიაა, მეოთხე კომპანია ბაზარზე ვეღარ შედის. ეს კი კლანურ-მაფიოზური გარიგებების შედეგია.

რაც შეეხება სასურსათო ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და საკუთარ მომხრეებშიც აღმოაჩინა, რომ უკმაყოფილოები არიან ფასების ზრდით და ახლა მთავრობამ ხომ უნდა აჩვენოს, რომ რაიმეს აკეთებს. წარმოუდგენელია, ამას გრძელვადიანი დადებითი შედეგი მოჰყვეს. ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ასწავლიან, რომ ამ გზებით ფასების შემცირება არ ხდება. კომისიების შექმნა არის ხმაური და ბაქი-ბუქი, რომ ვითომ რაიმე კეთდება. შემდეგ, ალბათ ახალ თემას წამოწევენ და სხვა თემით გადაფარავენ.

ბიზნესებს ჯარიმა რომ გამოუწერონ და უთხრან - „თქვენი ბრალია ფასების ზრდაო“ - მერე სად მიდიან ეს ადამიანები სიმართლის დასამტკიცებლად? მურუსიძის სასამართლოში? შესაბამისად ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, არც კონკურენცია და ხშირია გარიგებები, ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავრობა ფასების შემცირებას მოახერხებს“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა