ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026

ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი

ბრიტანული სანქციების ეფექტი, ყულევი, ელჩების განცხადება, პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში - პრემიერის მკვეთრი პოზიცია

„სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არ უთქვამთ" - პაპუაშვილის პასუხი “ჩემბერლენს”

* * *

ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი

“ევროპარლამეტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, მთავარი მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა და პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ანგარიში მნიშვნელოვანია, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ამას “ნული ძალა აქვს”. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ “საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა”. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ “სისტემატურ კამპანიას აგრძელებს”. “ოცნებაში” ანარიშის შეფასებისას ამბობენ, რომ მტრები საქართველოს ნგრევას უქადიან. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ არაფერია ახალი იმაში, რაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განსახილველად წარდგენილ ანგარიშში წერია და ის ქართულ რეალობას ასახავს. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ანგარიშში მოულოდნელი არაფერია, ხოლო ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრითა, ეს მნიშვნელოვანი ანგარიშია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი.

“რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ საპირისპიროთი შეცვალა, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით კი უკუსვლა დაფიქსირდა. “ამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე”, - აღნიშნა მან. ევროპარლამენტარმა, ბერნარდ გეტამ განაცხადა, რომ “ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან”. ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ევროკავშირს “ჯერ კიდევ იმედს აძლევს, ეს ქართველი ხალხია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ “ქართული ოცნების” - არა”. კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ნანო სანჩეს ამორი თვლის, რომ “საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად ოპოზიციურმა ძალებმა მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი უნდა შესთავაზონ - აქ დახმარების ვალდებულება გვაქვს, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოულოდნელი არაფერია და არც სიურპრიზი არაა. ქალბატონი იუკნევიჩიანე საქართველოსთვის სრულიად ანტისახელმწიფოებრივი პოზიციითაა ცნობილი. შეიძლება ის უფრო “ნაცია”, ვიდრე ზოგიერთი “ნაცი”, რომელიც ამ პარტიაშია. ის არც ცილისწამებას მოერიდა, არც ჩამოსვლას და პარლამენტთან ყვირილს - ასეთი ადამიანისგან სხვას რას უნდა ელოდე? მთლიანად ევროპარლამენტში ჯერ ვითარება ასეთია. შვეიცარიის წარმომადგენელმა ეუთო-ს კომისიის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე ვიყავი მეთვალყურე, ეს იყო შესანიშნავი არჩევნები, არაფერი არ გაყალბებულა, მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს არ აწყობდათ, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში დარჩა, ცილისწამება ატყდაო. ამ ანგარიშს ნული ძალა აქვს... პოლონელმა ევროპარლამენტარმაც თქვა, რომ როდის შემდეგ გახდა “ბი-ბი-სი” ქიმიური იარაღის ექსპერტიო? ეს არის ძვირფასი. მიუხედავად მეინსტრიმისა, ასე იწყება და ჯანსაღი აზრი უკვე ჩნდება. ეს საღი აზრი ევროპარლამენტშიც გაჩნდა, ზოგ სახელმწიფოებშიც არის და უფრო და უფრო იკვლევს გზას, მომავალი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, უბრალოდ დრო უნდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“სხვა დოკუმენტების მსგავსად, ეს მნიშვნელოვანი ანგარიშია, რადგან კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება იმიტომ არ ანიჭებს მნიშვნელობას, რომ დოკუმენტს არასავალდებულო სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია და ამიტომაც ამაყად აცხადებენ. თუმცაღა ასეთი დოკუმენტები არის ხოლმე საწყისი შემდგომი უფრო მძიმე ნაბიჯებისა. თუ რაღაც რეალური სანქციები ამოქმედდა, როგორც “იმედსა” და “პოსტივის” შემთხვევაში მოხდა, ხელისუფლებას ეს უფრო გულზე მოხვდება... რაც შეეხება პოლონელი გჟეგოჟ ბრაუნის განცხადებას, მან გასული წლის მაისში პოლონეთის მრეწველობის სამინისტროში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები უმცირესობაში, სადაც რუსული ლობი მუშაობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ აწყობს იმის თქმა, რომ ასეთი ევროპარლამენტარები უმცირესობაში არიან, რადგან მისი კომენტარი არგუმენტად მოჰყავთ. თუმცაღა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ის ევროპარლამენტარია, რომელმაც ევროკავშირის დროშა ფეხქვეშ გათელა და შემდეგ დაწვა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ბრიტანული სანქციების ეფექტი, ყულევი, ელჩების განცხადება, პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში - პრემიერის მკვეთრი პოზიცია

“საბჭოთა ოკუპაციის დღე, დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - “იმედისა” და “პოსტივის” დასანქცირება, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების განცხადება, ევროკავშირ-რუსეთს შორის ვაჭრობა, საქართველოს პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში, ყულევის პორტი და ფასების შემცირება - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში ისაუბრა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია “იმედში”, ისე “პოსტივი”-ში. “ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია”, - თქვა პრემიერმა, და განაცხადა, რომ, “ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბრიტანული სანქციების ეფექტი, ყულევი, ელჩების განცხადება, პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში - პრემიერის მკვეთრი პოზიცია.

“დიდ ბრიტანეთში აღარაფერი აღარ ფასობს, არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები... ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. 2012 წლამდე ამ ქვეყანაში იყო შელახული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას... ახლა არ დაგვჭირდება 5 წელი, დაგვჭირდება მაქსიმუმ 5 დღე იმისთვის, რომ სრულად უზრუნველვყოთ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა როგორც ტელეკომპანია “იმედისთვის”, ისე “პოსტივისთვის” - განაცხადა კობახიძემ. საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სანქციების ეფექტიან აღსრულებასა და რუსეთის მხარდაჭერის არდაშვებაში, პრემიერმა ამ საკითხზეც ისაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები. მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება. აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.... რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს... ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად” - აღნიშნა კობახიძემ, რომლის თქმით, “ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრემიერის თქმით, რეზოლუციას სახელწოდებით “უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა”, 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, გარკვეულმა ქვეყნებმა კი თავი შეიკავეს, რომლებიც არიან გამოცხადებული “პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად”. “რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, თავადაც ხედავთ. ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა, ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს შევუერთდით ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას, ამ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მოქმედებს”,- აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილავენ საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. კობახიძის თქმით, “აქ ობიექტურობაზე საუბარი ძნელია” - “ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები”, ამბობს პრემიერი, რომლის მტკიცებით “თუმცა ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ”, - დასძენს გამოცემა.

“გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტიც იყო შეტანილი, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს და პაკეტი ვერ მიიღეს. კობახიძის თქმით, ოპონენტებს “იმედები გაუცრუვდათ” - “ყულევი არ დასანქცირდა. აქაც იმედები გაგიცრუვდათ. ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. საბოლოდ პროექტის რევიზიამდეც კი არ მივიდა საქმე. პროექტისთვის აღარ გადაუხედავთ. იმთავითვე პროექტი იყო განწირული ჩავარდნისთვის. მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა. რა თქმა უნდა, არ არის ამოწურული რისკი, რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ, ყველა ინფორმაციას გავუგზავნით”, - განაცხადა კობახიძემ. მისი განმარტებით, “აპრილის ბოლომდე სამუშაო პროცესი პარლამენტში დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, მათ შორის, ჩვენთვის მთავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს”, - წერს სტატიის ავტორი.

„სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არ უთქვამთ" - პაპუაშვილის პასუხი “ჩემბერლენს”

“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელჩების განცხადებებს, ქართული ტელევიზიების სანქცირებას, ევროპარლამენტის ანგარიშს და უკრაინის თემას გამოეხმაურა - ის ამტკიცებს, რომ დასავლეთის კრიტიკის მთავარი მიზეზი საქართველოს მხრიდან რუსეთთან ესკალაციაზე უარის თქმაა. შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩის განაცხადებასა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს, გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეტ უორდის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ ეს 4 წელი მიზეზი, რატომაც ევროკავშირის და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით რუსეთთან ესკალაციაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არ უთქვამთ" - პაპუაშვილის პასუხი “ჩემბერლენს”.

“რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ბრიტანეთის ელჩი, ბოლო პერიოდია, კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად, მათ შორის პარლამენტის წევრებთან და პირდაპირ ითხოვს, საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. როდესაც ეუბნებიან, რომ უბედურებაა ბიზნესს აუკრძალო რუსეთიდან ბენზინის შემოტანა თუ ენერგომატარებლის, ის ამბობს, რომ, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს - ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს”, - აღნიშნა პაპუაშვილმა. მანვე ჟურნალისტებს ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განუცხადა: “იმედი” არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა, ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა”. “105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა”, თვლის პაპუაშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, “ფორმულას” პატრონი და ხაზარაძე “ტვ პირველის” პატრონი და დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის ბრიტანეთის მთავრობას თავისთან და მეორე სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდისტული დეზინფორმაცია, პარტიული კედლის გაზეთი “ტაბულა”, პარტიული მედია, მაგრამ ვერ შეძლო და დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი აქამდე ჰქონდა თუ არა მას დაფინანსებული “ტაბულა”. ასე რომ, დაივიწყეთ, არანაირი ღირებულებები არ არსებობს”, - განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის თქმით ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან “ანგარიშს ამზადებს ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ფაშისტური განცხადებები აქვს, რომ “ქართული ოცნება” არის ინფექცია და რომ ქართველი ხალხის ბრალია, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პაპუაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც საქართველოს მიმართ. “ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. არც ზელენსკი და მისი მოადგილეები, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი. სად იყო ბრიტანეთი ზელენსკიმ რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ის არის უმადური ადამიანი. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ყველას გაგახსენებთ, ელჩი გაიწვია იმის გამო, აქედან ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. ასე რომ მადლობა თქვან, მაგრამ მაგათი მადლობა საერთო ჯამში, დიდად აღარ გვჭირდება. ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს”, - განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის აზრით, “ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს”, - დასძენს გამოცემა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო