ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს - „იმედის ბანკს“ ქმნის

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.

ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.

არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს - ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.

„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“. აქ იმედია!“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება "კოლიზია" სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“,

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება