ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც პირდაპირ არის დაკავშირებული ბრიტანულ გადაწყვეტილებასთან - პირდაპირ ჩანს ძალიან მარტივი კოორდინაცია, აქაც ჩანს გარე ჩარევა

ისინი ხედავენ ცოცხალ -მკვდარ ოპოზიციას, პრაქტიკულად მაჯისცემა არ ესინჯება საქართველოში ოპოზიციას და ასეთ დროს კოორდინირებულად გადაწყვიტეს, რაღაცები გადმოუგდონ გამოსაცოცხლებლად ოპოზიციას და ამას ემსახურება სანქციები, რომლებიც საერთოდ არ არის შედეგზე გათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით პირდაპირ დაკავშირებულია ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირებასთან. კობახიძე აღნიშნულ ქმედებებს მარტივ კოორდინაციას უწოდებს.

„ეს რ პირდაპირ არის დაკავშირებული ბრიტანულ გადაწყვეტილებასთან. პირდაპირ ჩანს ძალიან მარტივი კოორდინაცია, აქაც პირდაპირ ჩანს გარე ჩარევა. თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაშიც არის იგივე პრობლემები, რაც ბრიტანულ ბიუროკრატიაში. ისინი ხედავენ ცოცხალ -მკვდარ ოპოზიციას, პრაქტიკულად მაჯისცემა არ ესინჯება საქართველოში ოპოზიციას და ასეთ დროს კოორდინირებულად გადაწყვიტეს, რაღაცები გადმოუგდონ გამოსაცოცხლებლად ოპოზიციას და ამას ემსახურება სანქციები, რომლებიც საერთოდ არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია იმაზე, რომ იქნებ ცოტა მაინც გამოაცოცხლონ აქ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია და იმავეს ემსახურება ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ ერთადერთ რამეს ვამბობთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რაც გამომდინარეობს, პირველ რიგში, ასოცირების შეთანხმებიდან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან და ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. თუ ექნებათ ჯანსაღი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება სათანადოდ ქართულ-ევროკავშირული ურთიერთობების თვალსაზრისით. მთავარია, მათ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება და გამოავლინონ სამართლიანი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება.

„ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია ფონ დერ ლაიენის მიერ ოპოზიციისთვის გაგზავნილ წერილში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე