ბაჩო ახალაია მოსამართლეს მისი ვინაობის შესახებ კითხვაზე - აღნიშნულ ცინიკურ კითხვაზე არ გიპასუხებთ!

არ ვიცი, არ გიპასუხებთ, - ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ვინაობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

მოსამართლემ ახალაიას მისი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი ჰკითხა, რაზეც ახალაიამ განაცხადა, რომ პასუხის გაცემა არ სურდა.

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ თუკი, პროცესში მონაწილეობის მიღება სურდა, კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა.

„აღნიშნულ ცინიკურ კითხვაზე არ გიპასუხებთ. რატომ ხართ ასეთი აგრესიული?",- მიმართა ახალაიამ მოსამართლეს, რის შემდეგაც მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულის ვინაობის დადგენა საქმის მასალებით მოხდებოდა. იქამდე კი, სასამართლომ ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის, რომელიც ადვოკატია, აცილების შუამდგომლობა განიხილა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში ანი ნადარეიშვილის განცხადებაა წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, ის სარგებლობს უფლებით, ჩვენება არ მისცეს მისი მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის მიხედვით, ნადარეიშვილი მოწმეა და მოწმე ვერ იქნება ადვოკატი.

აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა, როგორც ადვოკატი აღნიშნავდა, ანი ნადარეიშვილს ორი საფუძველი აქვს მოწმე არ იყოს. ის ბრალდებულის მეუღლეა, ამასთან, ადვოკატია და მისი უფლებები არ უნდა შეიზღუდოს.

მოსამართლე გალუსტაშვილმა ანი ნადარეიშვილის, როგორც ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს ის მოწმედ ჰყავს მითითებული და ის ჯერ არ დაკითხულა, ამ ეტაპზე აცილების საფუძველი არსებობს. გალუსტაშვილის თქმით, ნადარეიშვილი როგორც უფლებადამცველი, პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„აქ არის და აფიქსირებს, რომ ჩვენების მიცემა არ სურს, ეს არის თქვენი უფლების ბოროტად გამოყენება, რატომ აკეთებთ ამას?“, - მიმართა მოსამართლეს ახალაიამ, რომელსაც გალუსტაშვილმა განუმარტა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

„გსურთ თუ არა თქვენმა ადვოკატებმა დაიცვან თქვენი უფლებები“?- ჰკითხა კვლავ მოსამართლემ ბრალდებულს.

„აქვს რამე მნიშვნელობა?“, - იკითხა ახალაიამ, რაზეც მას მოსამართლემ უთხრა, რომ ეს „მისი გადასაწყვეტია“.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში