საქართველოში ირანის ელჩის განცხადებით, დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელმაც საელჩოს საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინა ჩაამსხვრია

თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი ავრცელებს.

როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, ინციდენტი გუშინ მოხდა.

ელჩის განმარტებითვე, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დაკავებულია.

„წუხელ, ერთი შეუგნებელი ირანელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. ამ ინციდენტის შემდეგ, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელმაც ზუსტად და პროფესიონალურად იმოქმედა და დამნაშავე დააკავა.

ამის შემდეგ, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც დაიწყო კომპენსირების მიზნით ზიანის ოდენობის შესწავლისა და ამ დამნაშავის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების პროცესი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული პირი ექვსი თვის განმავლობაში იქნება დაკავებული, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი, მოხდება მისი დეპორტაცია საქართველოდან და ჩამოერთმევა ამ ქვეყანაში ხელმეორედ დაბრუნების უფლება.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობიანი, მტკიცე და კანონთან შესაბამისი ქცევა შექებას იმსახურებს. ეს პროფესიონალური მიდგომა კარგად წარმოაჩენს ქართული ინსტიტუტების კანონისადმი ერთგულებას, დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემას.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევის, გულმოდგინების, პასუხისმგებლობისა და დროული ქმედებისთვის. ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ნიშნად მივიჩნევ“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში