„ოპოზიციის ალიანსი“  შეთანხმების პრინციპთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

„ოპოზიციის ალიანსი" შეთანხმების პრინციპთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიანსი რამდენიმე ძირითად პრინციპს ეყრდნობა. მათ შორისაა „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“, რაც გულისხმობს, რომ ალიანსში შემავალი პარტიები შეინარჩუნებენ საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა იმოქმედებენ ერთიანი საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიით.

მათი განცხადებით, მიზანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ ისინი წარმოადგენენ „ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას“.

დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების მონაწილე პარტიები ასევე თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც მათ შორის ურთიერთობის წესებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

“დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.

ჩვენი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:

ერთობა ერთფეროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.

დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.

შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.

ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”, - აღნიშნულია “ოპოზიციის ალიანსის” განცხადებაში.

“ოპოზიციის ალიანსი” შედგა ოპოზიციურ ძალებს შორის: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში