ეს არ არის ოპოზიციის გაერთიანება, ეს არის ოპოზიციის გარკვეული გამსხვილება, რაც ცუდი არ არის, თავისთავად კარგია და მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.
ამასთან, ხუხაშვილის თქმით, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ეს ოპოზიციური გაერთიანება არის „მეორე პოლუსი ორპოლუსიან პოლიტიკურ ბრძოლაში“.
„განცხადება გასაგებია, თუმცა მე ამას ოპოზიციურ ერთობას მაინც ვერ დავარქმევდი, გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ამ გაერთიანების მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი და ამ პარტიების ჯამური რეიტინგი, დაახლოებით, თანაბარ ზომაზეა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ეს არის რაღაც ოპოზიციის გაერთიანება და ეს არის აუცილებლად მეორე პოლუსი ორპოლუსიან პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს გადაჭარბებულია, თუმცა პოლიტტექნოლოგიურად მესმის, რატომ კეთდება ეს განცხადებები - ეს არის მუდმივი მცდელობა, ვიღაცამ დაიბრალოს, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი ალტერნატივა მოქმედი ხელისუფლების. ეს ტექნოლოგიური თემაა და ამის კრიტიკას არ ვაპირებ. ვიმეორებ, ეს არ არის ოპოზიციის გაერთიანება, ეს არის ოპოზიციის გარკვეული გამსხვილება, რაც ცუდი არ არის, თავისთავად კარგია და მე არ ვარ ამის წინააღმდეგი. გამსხვილდნენ, რაღაც მოლოდინები შექმნას ცდილობენ და დანარჩენს პოლიტიკური პროცესი აჩვენებს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი შეფასებით, საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის ერთიანობაზე არის მოთხოვნა, მაგრამ ერთიანობა არ არის გამარჯვების მოპოვების უნივერსალური გასაღები, რადგანაც „არც ერთად და არც ცალ-ცალკე ამომრჩევლის მასის ნდობა მათ არ აქვთ“. შესაბამისად, ხუხაშვილის თქმით, ძირითადი სამუშაო არის ხალხთან და ეს უნდა იყოს არა მონოლოგის, არამედ დიალოგის რეჟიმში, ვინაიდან „ხალხი პროპაგანდის მხრიდან არის ზომბირებული“.
რაც შეეხება სამი პარტიის: „ლელო-ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“პოზიციას, რომლებიც არ შეუერთდნენ ოპოზიციის ერთიანობას იმ მოტივით, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ იმ ოპოზიციურ ალიანსთან, სადაც არის „ნაციონალურ მოძრაობა“, ხუხაშვილის თქმით, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ ალიანსით „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის დრო დადგა.
„ოპოზიციის ახალი ალიანსით, რეალურად, ვიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენას“ - ეს სწორი შეფასებაა და თვითონაც აღიარებენ. სადღაც მოვკარი თვალი იმას, რომ გუშინ თამარ ჩერგოლეიშვილმა გამარჯვებულის პოზიციიდან გამოიყენა ცნობილი ფრაზა „არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და არის ჟამი ქვათა შეგროვებისა“. პრინციპში, მან აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე დაიშალა და ახლა, „ქვების შეგროვების დრო დადგა“, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის. ესენი ამას არ აღიარებენ, იგივე ჩერგოლეიშვილს რომ უთხრა, რომ „ნაცი“ ხარო, ალბათ, მე რამდენადაც ვიცი, ტუფლებიდან შეიძლება ამოხტეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ხომ ის ადამიანები არიან, იმ წარსულით არიან და რატომ მიაჩნიათ ასე სამარცხვინოდ?“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, პარტიებს, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ თავისი დღის წესრიგი აქვთ და მშვენივრად ესმით, ელექტორატის დიდი ნაწილის განწყობა - რომ არ მოსწონთ აწმყო, მაგრამ არც წარსულში დაბრუნება არ სურთ იმიტომ, რომ, „ამომრჩევლის დიდი ნაწილი ტრავმირებულია იმ ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებებით“.
„მათ უნდათ მომავლის არჩევანი და მომავლის არჩევანის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც არიან იმ წარსულის და დღევანდელობის სტრესის მიღმა. რა თქმა უნდა, ეცდებიან ეს პარტიები, რომ ეს ნიშა შეავსონ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება „ოპოზიციური ერთობის“ გეგმას, გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ და ვაშინგტონს „თავი წარუდგინონ, როგორც „ქართული ოცნების“ რეალურმა ალტერნატივამ“, გია ხუხაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებითაც შენიშვნები აქვს.
„ამერიკა შორიდანაც კარგად ხედავს, ამას ჩასვლა არ სჭირდება. მათ საელჩო აქვთ, რომელიც ძალიან კომპეტენტურია და პროფესიონალურად მუშაობს. აშშ-ის არჩევანი და პოლიტიკური ფსონი, რასაც პარტიები ეძებენ ხოლმე, იმის მიხედვით კი არ ხდება, რომ იქ ვიღაც ჩავა და „ქასთინგს“ როგორ ჩაატარებს, ეს ხომ არ არის ტესტირება ჩააბარე და „ხუთიანი“ დაგიწერეს. ისინი პარტიებს უყურებენ, თუ რა მხარდაჭერა აქვთ საქართველოში. პარტიების ფასს, თუნდაც აშშ-ის თვალში ანიჭებს მათი ავტორიტეტი ადგილზე, ანუ რამდენად მოთხოვნადია ეს თუ ის პარტია. კი ბატონო, გინდათ აშშ-ში წადით, გინდათ ევროპაში, ირანში ნუ წახვალთ ოღონდ, სახიფათოა. სადაც გინდათ იქ წადით, მაგრამ ძირითადი სამუშაო აქ არის ჩასატარებელი. იმაზე კი არ ლაპარაკობენ, აქ რა სამუშაო აქვთ ჩასატარებელი და სადაც რეალური პრობლემა აქვთ, ვაშინგტონში ვიზიტებზე საუბრობენ. ეს სნობური აზროვნება არის, საიდანაც ვერა და ვერ გამოვიდა ეს ხალხი. არანაირი „ხალხოსნობის“ ნიშან-წყალს არ აჩვენებენ. რანაირად უნდათ ასე არჩევნების მოგება, ჩემთვის გაუგებარია. ვაშინგტონში რომ ჩავლენ რა? ვაშინგტონში ვისაც შეხვდებიან, იმას მაგიდაზე ედება ამ პარტიების რეალური ელექტორალური ფასი, რაც მნიშვნელოვანია აშშ-ის დემოკრატიისთვის. რომ ნახავს, რომ ფასი არც თუ მაღალია, რას იზამენ, გაიპრანჭებიან? ლამაზ კაბებს ჩაიცვამენ? კარგი ინგლისურით ილაპარაკებენ და ამით მიიღებენ შედეგს? ბატონებო, ამით შედეგებს ვერ მიიღებთ. მიიღებთ ერთადერთი რამით-თუ თქვენ ამ ვიზიტის დროს იქნებით ზურგგამაგრებული ხალხის რეალური მხარდაჭერით. პირველ რიგში, ამაზე იმუშავეთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ანალიტიკოსმა ისაუბრა ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე. ხუხაშვილის თქმით, ამ განცხადებაში მან საქართველოს ხელისუფლების ირანისადმი მხარდაჭერა დაინახა.
„პირველ რიგში, ეს არის წყალ-წყალა განცხადება, ე.ი. „არც მწვადი დავწვა და არც შამფური“. ჯერ ერთი, კონსტიტუციაში გვიწერია, სად არის ჩვენი უსაფრთხოების[ადგილი], რომელ სისტემაში ვართ და მის მიმართ თუნდაც მეტი პატივისცემა რომ გამოსჭვიოდეს, ცუდი არ იქნება, მაგრამ აქ, მთავარი ერთი სიტყვაა - ამ განცხადებაში რომ არ ყოფილიყო „სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს“ და იქვე „ირანის რესპუბლიკას“ , ეს „ ირანის რესპუბლიკა“ ანუ რეჟიმი რომ არ ყოფილიყო, მაშინ, ეს წერილი ჩაიხრიგინებდა და მეტი არაფერი, მაგრამ [სამძიმარი] „ირანის რესპუბლიკას“ ნიშნავს რეჟიმის პირდაპირ მხარდაჭერას. რეჟიმს უცხადებენ სამძიმარს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთი კვირით ადრე ირანის რეჟიმის ფერებში რომ შეგვიღებეს ანძა. ხაზს ვუსვამ, არა ირანის სახელმწიფოსი, იმიტომ, რომ სახელმწიფო დროშა სხვანაირია. ირანის რეჟიმის ფერებში შეღებეს თბილისში ანძა, რაშიც დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩანდა და ამას ძალიან კარგად იმახსოვრებენ ამერიკელები. შენ თან გინდოდეს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება და ამ ვითარებაში ასეთ წყალ-წყალა განცხადებებს აკეთებდე არასწორი აქცენტებით, რა თქმა უნდა ეს ძვირი დაუჯდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ „ვერანაირი დალაგება ტრამპთან უკვე ვეღარ მოხდება, ისე მოიქცნენ ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით“.