სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი: კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ამით მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე, ბრალდებულებმა პოლიციელთა მიმართულებით ძალადობა განახორციელეს, მათ შორის სცადეს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება. ამასთან, პროკურორმა როინ ხინთუბიძემ ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზეც მიუთითა.

პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებდა დაცვის მხარე. მათი მტკიცებით, აქციაზე ბრალდებულების მიზანი არ ყოფილა სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება ან ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. მათი თქმით, ბრალდებულები აქციაზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე გავიდნენ. პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.

„ეს ადამიანები უკანონო პატიმრები არიან მათივე დაკავების დღიდან და დღესაც ასეა. ეს ადამიანები არალეგიტიმური, კოლაბორანტი ხელისუფლების მიმართ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას. მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს. არცერთი ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე.

საბოლოოდ კი, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ცამეტივე პირი პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში