ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ მიერ განცდილი უსამართლობით უნდა დასრულდეს უსამართლობის კასკადი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამ წუთებში, „ოპოზიციის ალიანსი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას მართავს.
როგორც ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, იქ ის ადამიანები არიან წარმოდგენილები, რომლებიც წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში იმ პროტესტში იღებენ უწყვეტად მონაწილეობას, რომლის საბოლოო მიზანიც ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველოა.
„მიხარია, რომ ფაქტობრივად, პარალელურ რეჟიმში, პოლიტიკური პროცესი ერთიანობისკენ, საზოგადოებრივი პროცესი ერთიანობისკენ მიდის იქ, სადაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ვინც თავის თავს ხელისუფლებას უწოდებს, ყოფს და ხლეჩს საზოგადოებას, ჩვენ ვაერთიანებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებაში. ხელოვნურად, მიზანმიმართულად გვაპირისპირებენ, ხელოვნურად, მიზანმიმართულად, ტყუილებით მართავენ აბსოლუტურად ყველაფერს, ჩვენ ამას ერთიანობას, სიკეთეს ვუპირისპირებთ, ჩვენ მათგან განსხვავებით ჩვენს თანამემამულეებს არ ვყოფთ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს მიერ განცდილი უსამართლობით უნდა დასრულდეს უსამართლობების კასკადი“, - განაცხადა ვაშაძემ.