სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისტორიკოსისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს.
პოლიტიკოსს გამოკითხვამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებული არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ჩვენებას ისინიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.