ბექა ბასილაია - გუბაზ სანიკიძის სატელევიზიო ეთერთან დაკავშირებით იყო დაკითხვა - ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, იყო ისეთი მნიშვნელობის საკითხებიც, რაც თუ სუს-ს ნამდვილად აქვს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესი, ძალიან გამოადგება

აბსოლუტურად, ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი და დეტალური პასუხი გაეცა. მათ შორის, იყო ისეთი მნიშვნელობის მქონე საკითხები, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურს

თუ ნამდვილად აქვს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესი, ძალიან გამოადგება, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს სანიკიძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი განცხადებით, სანიკიძემ სუს-ის გამომძიებლებს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

„გუბაზის სატელევიზიო ეთერთან დაკავშირებით იყო დაკითხვა, ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, შეგიძლიათ სახელმწიფო უწყებებს ჰკითხოთ მათი კითხვების თაობაზე, თუ უნდათ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, დაე, თვითონ მიაწოდონ, მე რატომ უნდა გავცე პასუხად ის, რასაც სუს-ი კითხვებად სვამს. რაც შეეხება გუბაზის სატელევიზიო ეთერს, ამ ეთერთან დაკავშირებით მან დეტალურად ისაუბრა და სახელმწიფოებრივად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. იმ სკოლასთან [ტერორიზმის სკოლა] დაკავშირებით ინტერნეტი გადაჭრელებულია ინფორმაციებით, ოღონდ არაქართული წყაროები, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდზე, როგორც დასავლურზე, ასევე აღმოსავლურზე, შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ინფორმაცია, რაც იმ განცხადებებს ადასტურებს, რაზეც სატელევიზიო ეთერებში ისაუბრა. ეს იყო შეშფოთებული მოქალაქის, ამ ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანის ეთერი“, - განაცხადა ბასილაიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყოდა სანიკიძის განცხადებაზე, რომელშიც მან აღნიშნა, რომ „საქართველო გაგლეჯილი ტომარაა და ვისაც უნდა შემოდის და გადის“, ადვოკატმა ამასთან დაკავშირებით შსს-ს ბრიფინგი მოიშველია.

„ამ ნაწილთან დაკავშირებითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, როგორც მახსოვს, გუშინ, შსს-მ გააკეთა განცხადება, ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დაიჭირეს. ჩნდება კითხვა, ინტერპოლით ძებნილი 11 პირი საქართველოში შემოვიდა ლეგალურად და ჩვენმა მესაზღვრეებმა ინტერპოლით ძებნილები შემოატარეს? თუ ჩვენი საზღვარი იმდენად დაუცველია, რომ ინტერპოლით ძებნილ 11 პირს შემოსვლა შეუძლია? ეს ფაქტი თქვენს დასმულ შეკითხვას პასუხობს“, - განაცხადა ბასილაიამ.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ „სწავლობს, როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას“, ელოდება თუ არა ის, რომ შესაძლოა, სანიკიძეს და სხვა პოლიტიკოსებს ახალი ბრალი წაუყენონ, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

„ამ ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სჯობს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს ის უმძიმესი ვითარება, რაც ახლა სამეზობლოში ხდება. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იზრუნოს, რომ მისი ხელმძღვანელი პირი თურქეთის მოქალაქისგან მილიონ დოლარს ქრთამად არ იღებდეს, ბაგა-ბაღების ტენდერების წილში არ იჯდეს, რაც ჩვენ მოვისმინეთ - თურმე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პირი, რომელიც ბაგა-ბაღების ტენდერში ბავშვების კვებაში იჯდა წილში“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა.

გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომლის პოზიციაც ჯერ ცნობილი არაა. ასევე, გამოიკითხებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ჩვენებას ისინიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.

მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".

გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი