თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე აცხადებს, რომელიც სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც თარგამაძე სოციალურ ქსელ „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მან ქვეყანა დღეს დატოვა. ის ინტერნეტში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორია თბილისის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე დატოვოს.
„ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი „საქოცეთი“, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული, დამტრიალებთ თავს. დღეს, გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო. მეგობრებს რას მიწიოკებთ, გიენებო? დაშოშმინდით. თუ ძალიან გეჩქარებათ, მაგ მედიის, ან, ახლობლების, ან, სულაც, საფოსტო მტრედების საშუალებით გამომიგზავნეთ კითხვები და ასევე გამოგიგზავნით პასუხებს. ალბათ, იქით კითხვებსაც, ან კიდევ, მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ და მერე ჩამასრულებინეთ. თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“, - წერს თარგამაძე.
ცნობისთვის, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.
მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა, „როუმინგი“ და ინტერნეტი პოლონეთშიც არის და უკრაინაშიც, როგორც კი ტელეფონს ჩართავს, შეატყობინებენ, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული“.
ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ.
გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".
ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.