თბილისის მერია კახა კალაძისა და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა.

თბილისის მერიის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს სტუმრობისთვის და მას წარმატებები უსურვა.

„მე განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან, ჩემს პოზიციებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ტყუილს ავრცელებენ, მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ ჩემს დამოკიდებულებაზე - ყოველთვის ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით და სხვანაირად უბრალოდ ვერც იქნება. ძალიან განვიცდით, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, დმიტრო ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინული ოჯახების დასახმარებლად გადადგა.

„მე ძალიან ბევრი რამ მაერთიანებს საქართველოსთან. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ დავაკვირდე, როგორ შეიცვალა თბილისი თქვენი ხელმძღვანელობის დროს. თბილისი ულამაზესი ევროპული დონის ქალაქია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმუშაო თბილისში. უკრაინული მხარე და უკრაინის მთავრობა მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს ომის პირველივე დღიდან. თქვენი ინიციატივით და პირადი მხარდაჭერით, რამდენიმე ათასმა უკრაინელმა მიიღო დახმარება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკავშირდებოდა დაბინავებას, სამედიცინო მომსახურებას და სხვა საკითხებს. უკრაინელი ოჯახებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობას, ბიბლიოთეკებით, აუზებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით უფასო სარგებლობას, ასევე, პატარების გამარტივებული წესით მიღებას საჯარო საბავშვო ბაღებში. ჩვენ გვახსოვს თქვენი სიტყვები, როდესაც აღნიშნეთ, რომ იქნებით ამ ოჯახების გვერდით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება და ვიდრე უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება“, - აღნიშნა დმიტრო ბერეჟნიმ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება