თორნიკე შარაშენიძე - როგორც ჩანს, ირანი დიდი ხანი ემზადებოდა ასიმეტრიული ომისთვის - ასევე, როგორც ჩანს, ემზადებოდნენ იმ სცენარისთვის, როგორიც არის ლიდერების ლიკვიდაცია, ძალიან სწრაფად მოხდა ლიდერების ჩანაცვლება

საგარეო პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ირანი აცნობიერებდა, რომ ტრადიციულ სამხედრო დაპირისპირებაში ვერ გაუწევდა კონკურენციას აშშ-სა და ისრაელს, რის გამოც განსხვავებული სტრატეგიისთვის მოემზადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ირანი ასევე ემზადებოდა ისეთი სცენარისთვისაც, როგორიც არის ლიდერების ლიკვიდაცია, რის გამოც ხელმძღვანელობაში სწრაფი ჩანაცვლების მექანიზმიც ჰქონდათ გათვალისწინებული.

„მიუხედავად უმკაცრესი კონტროლისა, რომელიც ისრაელს აქვს დაწესებული ომის დროს, ვრცელდება თელ-ავავის დაბომბვის კადრები. ასე მარტივად არ არის იქ საქმე. როგორც ჩანს, ირანი დიდი ხანი ემზადებოდა ასიმეტრიული ომისთვის. ცხადია, იცოდა ჩვეულებრივ ომში ვერ გაეჯიბრება ამერიკა - ისრაელს, ამიტომაც, მსგავსი რაღაც ჩაიფიქრა - ბევრი რაკეტა დააგროვა და დაუშინა ვისთანაც იყო ამერიკის სამხედრო ბაზები და ისრაელს. ასევე, როგორც ჩანს ემზადებოდნენ იმ სცენარისთვის როგორიც არის ლიდერების ლიკვიდაცია. ანუ ძალიან სწრაფად მოხდა ლიდერების ჩანაცვლება. როგორც ჩანს, გაითვალისწინეს შარშანდელი გამოცდილებაც, როდესაც მეცნიერები დაუხოცეს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის თქმით, ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენების განვითარება რამდენიმე სცენარით შეიძლება გაგრძელდეს და ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია.

მისი თქმით, გარეგანმა დარტყმებმა ირანში საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების გარშემო უფრო გააერთიანა და დასძენს, რომ ირანთან ომი განსაკუთრებით რთულია, რადგან ქვეყანას ძლიერი იდეოლოგიური საფუძველი აქვს.

„არ ვიცი რა იქნება, ინფორმაცია, რომელიც ომის დროს მხარეებიდან მოდის, ყოველთვის არის ცალმხრივი. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, გარეგანმა დარტყმებმა უფრო შეაკავშირა ირანელები. ზოგადად ასე ხდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიცია შეიძლება დროებით დაწყნარდეს და გადავიდეს მთავრობის მხარეს. შეიძლება ეს ხდება.

მეორე სცენარით, შეიძლება მართლა მოხდეს განხეთქილება-რევოლუცია. ძალოვნებში მოხდეს განხეთქილება, რომლებსაც ირანში შექმნილი სიტუაცია მაინცდამაინც არ მოსწონთ. თუ მოხდა განხეთქილება და „არტეში“ აჯანყდება, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. თუ ეს არ მოხდა და წინააღმდეგობა გააგრძელეს, ამის მერე რას აპირებს ამერიკა და ისრაელი? როგორც ვხედავთ სახმელეთო ოპერაციას ერიდებიან და ირანში ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე ერაყში. ერთია მოიგო ბრძოლა, მერე რას აპირებ, მითუმეტეს, ასეთ რთულ რეგიონში. თან შევადაროთ, სად ირანის ამბიციები, ისტორია და სად ერაყის.

და კიდევ ერთი სცენარი: ამერიკელებმა თქვან, ჩვენ გავიმარჯვეთ, გავანადგურეთ ყველაფერი და დაბრუნდნენ უკან. ეს მაინცდამაინც არ იქნება დამაჯერებელი.

ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი, საკმაოდ ფანატიკურია. იდეოლოგიზირებულ სახელმწიფოსთან ომი გაცილებით რთულია, ვიდრე ბურჟუაზიულ, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. არ არის მარტივი ომი ასეთ სახელმწიფოებთან“,- განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლო საფრთხეზე და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი სერიოზულად დააზიანებს აშშ-ის საერთაშორისო იმიჯს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები