პროკურატურა – დუშეთში მეუღლის თანდასწრებით ადამიანი მოკლეს - ბრალი 2 პირს წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება დუშეთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ორმა პირმა ადამიანი მეუღლის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ბ“, „ი“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ