პრემიერი - ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, იძლევა ნათელ სურათს, სად არის პროგრესი და სად არის საჭირო მეტი მუშაობა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი „გალტ ენდ თაგარტს“ სექტორისთვის ამ უაღრესად დროული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის.

სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა.

ციფრები და დარგობრივი ანალიზი, რომლებსაც დღეს დეტალურად გავეცნობით, ნამდვილად ყურადსაღებია. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს