როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში „ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებისთვის გამოიყენეთ - ეს ემსახურება მიზანს, სტრატეგიული პარტნიორები მტრებად მოიხსენიოთ! თუ რაიმე უქმნის საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, პირველ რიგში, სწორედ ეს არის! - ამ განცხადებით მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
შარაშიძემ პაპუაშვილის მისამართით განაცხადა, რომ მისი რიტორიკა მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენს და არანაირი კავშირი მას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვასთან არა აქვს.
შარაშიძემ პაპუაშვილს მიმართა კითხვით, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა პირადად მან იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროპელი პარტნიორების ურთიერთობა ასეთ მწვავე დაპირისპირებამდე არ მისულიყო. შარაშიძემ პაპუაშვილს ჰკითხა, „ყოველთვის სხვისკენ რომ იშვერს ხელს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, რა კონკრეტული ბერკეტები გამოიყენა“.
„თქვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ ასეთი რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობდით და რომელსაც პირადად თქვენს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა თქვენთვის ელემენტარული ჭეშმარიტება შეეხსენებინა, რომ როდესაც ელჩს თავს ესხმით, ეს არ არის და ვერ იქნება ელჩზე პირადი თავდასხმა და ეს შეიძლება შეფასდეს იმ ქვეყანაზე თავდასხმად, რომელსაც ეს კონკრეტული ელჩი წარმოადგენს - ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩს ვგულისხმობ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ პაპუაშვილის მისამართით.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა.