პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თითოეული ექიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე გამოჯანმრთელდეს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განუცხადა, სადაც პატრიარქია გადაყვანილი და სადაც ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა.
„რა თქმა უნდა, დეტალურ ინფორმაციებს ექიმები მოგაწვდიან. მე ამ საკითხზე ვერ გეტყვით, თუმცა, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ახლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიდგეთ, ვილოცოთ მისთვის.
ვიცი, რომ კონსილიუმი იყო, განხილავენ საკითხებს, თუ რა, როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც, ჯანდაცვის სამინისტრო. ყველაფერს აკეთებს თითოეული ექიმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსწორება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.