დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 23 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა დაზარალებულების მიმართულებით. სროლის შედეგად ოთხმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, რომლებიც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ. სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავე ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში