საქართველოს მთავრობა - შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს, გლოვის დღეები კი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს