ბადრი ჯაფარიძე - პატრიარქის ანდერძია, რომ ჩვენს თავში ვეძებოთ ნაკლი, შევძლოთ ერთმანეთის მიტევება და არ მოხდეს საზოგადოების გახლეჩა - „ლელოსაც“ სწორედ ეს მოწოდება ჰქონდა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პატრიარქი სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი იყო, ხოლო მისი ქადაგებები და ეპისტოლეები დღემდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.

ჯაფარიძის თქმით, ილია II ხშირად უსვამდა ხაზს, რომ ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა გაიმარჯვოს და არა სხვაზე.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, მთავარი გამოწვევა საზოგადოების გაერთიანებაა და არა ერთმანეთთან კონფლიქტი.

ილია მეორე ასხივებდა სიყვარულს, მაგალითს გვაძლევდა თავმდაბლობის. უწმინდესის დატოვებული მემკვიდრეობა - მისი ქადაგებები არის ძალიან ძვირფასი, სადაც ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენს ბევრი ქართველი დღეს, როდესაც წაიკითხავს იმ ეპისტოლეებს, რომელიც ილია მეორემ მოღვაწეობის პერიოდში იქადაგა.

ეს ყველაფერი დღეს ძალიან აქტუალურია, როდესაც მოგვმართავდა - „ქართველი ქართველზე გამარჯვებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ, პირველ რიგში, შენს თავზე უნდა გაიმარჯვო“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც საზოგადოება ასე განიხილავს ერთმანეთს. უნდა გვახსოვდეს, რომ უწმინდესი იყო შენდობის და მიტევების მაგალითი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ, ასევე, გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ პატრიარქის მთავარი გზავნილი იყო საკუთარი ნაკლის დანახვა, ურთიერთპატიება და ერთმანეთისადმი სიყვარული. მისი შეფასებით, პოლიტიკოსებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, დაძლიონ დაპირისპირება და საზოგადოებას ერთიანობის მაგალითი მისცენ.

„რა უშლის ხელს და, სიყვარულის და რწმენის სიმცირე, სწორედ ამის გამოსწორებისთვის იღვწოდა უწმინდესი. სწორედ ამიტომ არის მისი ანდერძი ასეთი, რომ ჩვენ თავში ვეძებოთ ნაკლი. შევძლოთ ერთმანეთის მიტევება და თავი დავანებოთ განკითხვას. ქრისტიანობა არის ურთიერთმიტევება და ურთიერთსიყვარული, ამის მაგალითს გვაძლევდა პატრიარქი. სწორედ ეს მოწოდება ჰქონდა „ლელოს“ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ქვეყანაზე, შევეცადოთ დავდგეთ მაღლა საკუთარი მიზნის ან პარტიული მიზნების მაღლა, შევეცადოთ შევუნდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა უსამართლოდ გვავიწროებდნენ ან გვლანძღავდნენ, მაგრამ შევეცადოთ შევუნდოთ მათ. ყველას მივცეთ ამის მაგალითი, რადგან მთავარია ჩვენ შევძლოთ ის, რაც იყო გულისტკივილი და საზრუნავი უწმინდესის მხრიდან, რომ არ მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. გარესაფრთხე არ არის იმდენად დიდი საფრთხე, რამდენადაც საზოგადოების შიგნით დაპირისპირებაა. პოლიტიკოსებმა პირველ რიგში ამაზე უნდა იზრუნონ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პატრიარქის გარდაცვალება მნიშვნელოვან სიცარიელეს ტოვებს, თუმცა ეკლესია, როგორც ძლიერი ინსტიტუცია, შეძლებს ამ რთულ ეტაპზე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვას.

„უწმინდესი ყველასთვის დიდი იმედი იყო. რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალება ქმნის დიდ ვაკუუმს. ამავე დროს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მოახერხა ის, რომ ეკლესია ძალიან გაძლიერდა. ეს არის მძლავრი ინსტიტუცია დღეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეკლესია ამას შეძლებს. ძალიან რთულია პატრიარქის შემდგომ ნებისმიერი ახალი პატრიარქისთვის მოღვაწეობის გაგრძელება, როდესაც ილია მეორის შემდგომ მოღვაწეობაზეა საუბარი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ ეკლესია, რომელიც ძალიან მძლავრია, შეძლებს ამ რთულ ვითარებაში იმოქმედოს ისე, როგორც იქნება საუკეთესო ჩვენი ეკლესიისთვის, მრევლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი