პროკურორი - ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე კეფით დაეცა და დაზიანება ამ დროს მიიღო - მას შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს

დაცვის მხარე აპელირებდა, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე, კეფით, პირაღმა მდგომარეობაში დაეცა და დაზიანება დაცემის დროს მიიღო. ეს კომისიურმა ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს, რადგან ავალიანს შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვნის საქმეზე დღეს ორი ექსპერტი დაკითხეს.

„დღეს ერთ-ერთი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნა გამოკვლეული, ეს არის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გიგა ავალიანს ნამდვილად ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რომელმაც გამოიწვია მისი უმძიმესი დაზიანება, რაც პირდაპირ კავშირშია მის სასიკვდილო შედეგთან.

აღნიშნული დაზიანება ცალსახად დადგენილია, რომ მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით. ექსპერტი რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანს განმარტავს, რომ ეს შესაძლებელია იყოს როგორც ადამიანის ანატომიური ორგანო, მათ შორის, ხელი, მუშტი, ფეხი, ასევე შეიძლება იყოს - ქვა, აგური, ხის ნაჭერი და ა.შ. ამ შემთხვევაში როგორი სახის მკვრივ, ბლაგვ საგანზეა საუბარი, ამას ექსპერტი ცალსახად ვერ ადგენს.

დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ დარტყმის შედეგად, გიგა ავალიანი ასფალტზე, კეფით, პირაღმა მდგომარეობაში დაეცა და დაცემის დროს უნდა მიეღო დაზიანება. თუმცა, კომისიურმა ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს მსგავს გარემოებებში შუბლის ძვლის მოტეხილობა, რადგან შუბლის ძვალი დაზარალებულს მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს და მიყენების მიმართულება იყო წინიდან უკან და არა პირიქით. დაცემის შედეგად მას დაზიანება უნდა მიეღო კეფის არეში - უკნიდან წინ. ამ შემთხვევაში, გიგა ავალიანს დაზიანება პირდაპირ შუბლის არეში აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელები მას პირისპირ ედგნენ",- განაცხადა სონიძემ.

ამ წუთებში, აღნიშნული საქმის განხილვაზე შესვენებაა გამოცხადებული. 15:00 საათიდან კი, სასამართლოში იმ ახალგაზრდებს დაკითხავენ, რომლებიც შემთხვევის დროს გიგა ავალიანის დახმარებას შეეცადნენ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ