ირაკლი კობახიძე - ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიალოგი ჩაანაცვლებს - საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს.

მაშინ, როდესაც საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტად ყალიბდება კონფლიქტებით, საქართველომ განსხვავებული გზა აირჩია. ჩვენ გვწამს დაკავშირებადობის და თანამშრომლობის; არ გვწამს დაპირისპირების. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნა მაშინაც კი, როცა მსოფლიო დაქუცმაცებულია.

ის სტაბილურობა, რომელსაც საქართველო დღეს ფლობს, შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული მდგრადობის ზრდაში. ამ მიდგომის შედეგად გამოირჩევა საქართველო; მას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის დონე გააჩნია - 2021 წლიდან საშუალო წლიური 9.3%.

ჩვენი რეგიონიც - სამხრეთ კავკასია - მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ახალი შესაძლებლობები იბადება მშვიდობისთვის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილურობას, დიალოგსა და რეგიონულ პარტნიორობას. ჩვენი ხედვა ნათელია - რეგიონს უნდა განსაზღვრავდეს დაკავშირებადობის უნარი, ვაჭრობა და თანამშრომლობა, და არა კონფლიქტები ან დაყოფა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, ერები მდგრადნი რჩებიან, როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს. მისი თქმით, საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ქრისტიანულ ტრადიციასთან.

„ჩვენ აქ იმ დროს ვიკრიბებით, როდესაც მსოფლიო გადამწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის. ქვეყნები ვეღარ არიან დარწმუნებულნი, რომ გუშინ მოქმედი სისტემები ხვალაც იმუშავებს.

ასეთ დროს თითოეულმა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ერთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ღირებულებები და ტრადიციები.

საქართველოსთვის ეს კითხვა ჰიპოთეტური არ არის. უკვე 30 საუკუნეა, ჩვენი მცირე ზომის ქვეყანა ცივილიზაციების გზაჯვარედინზე დგას - აკავშირებს ევროპას და აზიას, კულტურებს, სავაჭრო გზებსა და იდეებს.

ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს. საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან", - განაცხადა პრემიერმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ