პროკურატურა - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - ის მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6,102,153 ლარს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივი სახსრებით შეძენა შესთავაზა. იგი დაზარალებულს შესაძენი ქონების რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა, გაზრდილი ფასის მითითებით ყალბ ცნობებს აწვდიდა, ხოლო სინამდვილეში ქონებას ბევრად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. დაზარალებულის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს კი მოტყუებით ეუფლებოდა. ასევე, ბრალდებულმა თითქოსდა, მომგებიანი იურიდიული პირის და მისი აქტივების შესაძენად დაზარალებულს ეტაპობრივად დიდი ოდენობით თანხები გამოართვა, თუმცა რეალურად შეთანხმებული კომპანია არ შეუძენია და დაზარალებულს ფორმალურად გაუფორმა წილი მსგავსი სახელწოდებით ახალდაფუძნებულ საწარმოში, რომელსაც ქონებები და აქტივები არ გააჩნდა. აღნიშნული გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6,102,153 ლარს.

ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს