თეიმურაზ პაპასქირი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ზღვარი გადალახა, ერთადერთი, ჯერჯერობით ცეცხლი არ გაუხსნია, თუმცა უკვე ამის გამორიცხვაც შეუძლებელია - თუ ეკლესია შუამავლის როლს ითამაშებს, ამას მხოლოდ მივესალმებით

თუ საუბარია იმაზე, რომ ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ითამაშოს, ამას მხოლოდ მივესალმებით - ისტორიულად ეკლესიას შემრიგებლის როლი ჰქონდა და ასეთი შერიგების ორგანიზება ეკლესიისა და საპატრიარქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნოს ავტორიტეტი, რომელიც პატრიარქ ილია II-ს გააჩნდა, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა.

პაპასქირმა აქვე აღნიშნა, რომ “რატომღაც “ქართული ოცნება“ რწმენის პრივატიზებისკენ მიდის“.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნება“ ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და იმის ჩვენებას ცდილობს, თითქოს რეიტინგი, რაც ილია II-ს გააჩნდა, მისი რეიტინგია.

“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც კრიზისია, ეკლესიის მხრიდან არავითარი რეალური ნაბიჯი არ გვინახავს. მოწოდებაც კი იშვიათი იყო და რაიმე შუამავლის როლზე საუბარი ზედმეტია. ამავდროულად, ვნახეთ, რომ ერი პატრიარქის სიყვარულში ნამდვილად ერთიანი იყო. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ყველა ვიყავით, ოღონდ ისე მოხდა, რომ სამებასა და სიონში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ყველა დანარჩენი გარეთ იყო. თუ საუბარია იმაზე, რომ ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ითამაშოს, ამას რასაკვირველია, მხოლოდ მივესალმებით - მას ამის გაკეთება შეუძლია. ისტორიულად ეკლესიას შემრიგებლის როლი ჰქონდა. პატრიარქმა ბოლო ორო-სამი წელი ამის გაკეთება ვერ შეძლო. ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი შერიგების ორგანიზება, რათა ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნოს ის ავტორიტეტი, რომელიც პატრიარქ ილია II-ს გააჩნდა.

ვხედავთ, რომ რატომღაც “ქართული ოცნება“ რწმენის პრივატიზებისკენ მიდის. ირაკლი კობახიძემ, რომელიც საღი აზრის ფარგლებს ყველანაირად გაცილებულია, თქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სამებაში ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდათო. ის, რაც ქართულ ეკლესიას “ქართულმა ოცნებამ“ კრებსების გამოქვეყნებით გაუკეთა, ეკლესიაში ყოფნის მორალური უფლება მათ არ ჰქონდათ. მსგავსი რამ არავის გაუკეთებია და თუ ვინმეს არყოფნაზეა საუბარი, სწორედ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ.

პატრიარქი ყველას პატრიარქი იყო. მას 93%-იანი რეიტინგი ჰქონდა და რანაირად შეიძლება ეს 93% შენად წამოაჩინო, როცა შენსავე გაყალბებულ არჩევნებში 52% გიწერია. “ქართული ოცნება“ ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და იმის ჩვენებას ცდილობს, თითქოს რეიტინგი, რაც ილია მეორეს გააჩნდა, არის მისი რეიტინგი. მათ მოსაყდრისთვის ისეთი კამპანია გააჩაღეს, რომ მას დათვურ სამსახურსაც კი უწევენ. ჩვენ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვხედავთ, რაც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. პატრიარქის არჩევის საკითხი მთლიანად სინოდისა და სასულიერო პირების გადასაწყვეტია“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

“კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზეც ისაუბრა.

პაპასქირის თქმით, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები “ძარცვავენ ქვეყანას, იპარავენ მილიონებს და ასეთ ვითარებაში წლობით ციხეში სვამენ ხალხს, რომელთაც არაფერი ჩაუდენიათ“.

“ქართულმა ოცნებამ“ თავადვე აღიარა, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ვინც ციხეშია - იქნებიან პოლიტიკური ლიდერები თუ ჩვეულებრივი ხალხი. ელენე ხოშტარია ციხეში სწორედ ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის ზის, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და არა სისხლის სამართლით. საარჩევნო პერიოდში მომხდარ მსგავსს ფაქტებს “საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრავს. “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ წერია, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული დავა შეიძლება დაიწყოს. განაჩენში სადმე წერია რევოლუციის მომზადება?! იყო საქმე ამაზე?! – “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აბსურდულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც კი ჭირს, რადგან რეალობის შეგრძნება სრულიად დაკარგული აქვთ. დაკარგული აქვთ ადამიანურობა, კაცობა - ყველაფერი, რაც ნორმალურ ქართველთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, საერთოდ რაში ჯდება ქალების ასეთი დევნა, რასაც “ქართული ოცნება“ ახორციელებს. ეს ხალხი სუფთასთან, ალბათ, ქართველი დედის და ქალის სადღეგრძელოს ამბობს და რეალობაში მათი დევნის გარდა არაფერს აკეთებს.

ჩვენ ვხედავთ “მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას, რომლის მიხედვით, ქართული ოცნება“ ბრალდებულია წამებაში, რაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. დგას ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი, რაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულია. ასეთ სიტუაციაში “ქართულ ოცნებას“ საკუთარი თავი აქვს დასაცავი. არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ისე ჩაივლის - ეს ორი ბრალდება ისეთი ბრალდებაა, რასაც დავიწყების ვადა არ გააჩნია. ნებისმიერ დროს, როდესაც “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნება, ისინი გასამართლდებიან. “მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის საფუძველზე, ამ ინსტრუმენტის ამოქმედება შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან და იმ ცალკეული ადამიანების მიერ, ვინც “ქართული ოცნებისგან“ დაზარალდა“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

პაპასქირის შეფასებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი იმის გამო დახურეს, რომ საქმეში ცარიელი ფურცლებია.

მან დღეს განაცხადა ისიც, რომ ხელისუფლებაში დარჩენისთვის “ქართული ოცნება“ ყველაფრისთვის მზად არის და ყველა ზღვარი გადალახა.

“კრიმინალად წარმოდგენილია ოპოზიციის საუბრები და კავშირები უცხოელ კოლეგებთან. წარმოუდგენელია, რომ მსოფლიოში სადმე პოლიტიკოსს ბრალი იმაში დასდონ, რომ ევროკავშირის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. თუკი ვინმე ქვეყნის საბოტაჟს ეწევა, ეს არის “ქართული ოცნება“, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საბოტაჟი განახორციელა. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ის იღებს, გასულია კონსტიტუციის, კანონიერების და საღი აზროვნების ფარგლებიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციები დადანაშაულებული არიან მტრულ ორგანიზაციებთან კავშირში. და ვინ არის ეს მტრული ორგანიზაციები? - თურმე ეს მტრული ორგანიზაციაა ევროკავშირი, ეუთო, გაერო და ასე შემდეგ. ამ ქვეყნის მტერი არის რუსეთი და ამ ქვეყანაში რუსეთთან კავშირისთვის ვის აღუძრეს საქმე და ვინ დაიჭირეს?! რუსეთის ერთი ჯაშუში არ გამოუვლენიათ - არავინ არ არსებობს ასეთი? მსოფლიოში ასეთი კავშირების გამოვლენა პანტა-პუნტით ხდება და მარტო საქართველოში არა ჰყავს არავინ რუსეთს?! - გასაგებია, ესენი რუსეთის საქმეს აკეთებენ და მათთვის მტერი არის ევროკავშირი, აშშ და საერთოდ, დასავლური სამყარო.

ხელისუფლებაში დარჩენისთვის “ქართული ოცნება“ ყველაფრისთვის მზად არის - მან ყველა ზღვარი გადალახა, გარდა ერთისა - ჯერჯერობით ცეცხლი არ გაუხსნია, თუმცა ისეთ რეჟიმში არიან, რომ უკვე ამის გამორიცხვაც შეუძლებელია“, - განაცხადა პაპასქირმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე