ნიკა გვარამია პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ - ვუთხარით მთავარი: ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები - ამაში მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება

ვუთხარით მთავარი - ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობას და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.

„ვიზიტი ხორციელდება ძირითადად ეკონომიკურ ლოკაციებზე, ეს არის ფოთის პორტი, არაშენებული ანაკლიის პორტი და შეხვედრები არის მხოლოდ საგარეო და ეკონომიკურ სამინისტროსთან. ეს ცხადყოფს ვიზიტის შინაარსს. ჩვენი პოზიციები მათთვის ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუფიქსირეთ, რომ ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვისაც წარმოუდგენია, რომ შავ ზღვაზე შეიძლება რომელიმე დასავლური დემოკრატიის ინტერესი იყოს. მას აქვს ნათქვამი, რომ შავ ზღვაზე ამერიკელებს არაფერი ესაქმებათ, ამიტომ, არავითარი ანაკლიის პორტი, არავითარი მარშრუტი კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, ვიდრე ამ ქვეყანაში ივანიშვილია. ის, რომ ამერიკელებს ამის სურვილი, ინტერესი და ხედვა აქვთ, ცხადია, მნიშვნელოვანი ამბავია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ოღონდ რუსეთისთვის ნეგატიური კუთხით იმიტომ, რომ ეს არის მათი გზის ალტერნატივა და ეს ალტერნატივა გადის უპირობოდ საქართველოზე. ამიტომ, ივანიშვილი ამას არ დაუშვებს. ჩვენი განმარტება მკაფიო იყო - ვიდრე ივანიშვილი აქ არის, ეს არ მოხდება ამიტომ, უნდა იყოს ცვლილება. ამ ცვლილებას ჩვენ, როგორც ალიანსი მაქსიმალურად მივიყვანთ რეალობამდე. ამისთვის ბოლომდე ვიმუშავებთ აქციებით, ალტერნატივის დანახვებით და არ „გამიტყდება“ იმის ბევრჯერ თქმა, რომ ჩვენ ალტერნატივას წარმოვადგენთ. ამაზეც ვისაუბრეთ ამერიკელებთან, მაგრამ ასევე ვუთხარით, რაოდენ მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მათი ძალიან ხისტი დამოკიდებულება ამ ხელისუფლებასთან შენარჩუნდეს. ვფიქრობ ჩვენთვის ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლო იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო“,-განაცხადა გვარამიამ.

მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე.

„ვილაპარაკეთ პოლიტიკურ ტყვეებზე, ყველაზე, სახელებითა და გვარების ხაზგასმით. ასევე, ისიც აღვნიშნეთ, რომ ელენე ხოშტარიასთვის მისჯა, აქტივისტების დაჭერა სტუმრის აქ ყოფნის პირობებში სწორედ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იყო და მისთვის დანახული პოზიცია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ასე მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა ურთიერთობა აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ ირანთან და რომ ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.

„ვუთხარით ყველაფერი, რაც ისედაც იცოდნენ, მაგრამ ისეთ დეტალებში, რომელიც შეიძლება არ სცოდნოდათ. ვუთხარით მთავარი - ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები და იქნება ცვლილებები. ამაში მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე